გიორგი მღებრიშვილი ერიკ რუბინს და თომას მელიას შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სახელმწიფო მდივნის თანაშემწეების მოადგილეებს, ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელს, ერიკ რუბინს და დემოკრატიის, ადამინის უფლებათა და შრომის ბიუროს ხელმძღვანელს თომას მელიას შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილმა ერიკ რუბინს და თომას მელიას სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე ძირეული რეფორმები და გეგმები გააცნო, რომელთა მიზანს სწორი მენეჯმენტისა და გრძელვადიანი დაგეგმვის გზით, თანამედროვე, დასავლური ტიპის სასჯელაღსრულების სისტემის ჩამოყალიბება წარმოადგენს.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწეეების მოადგილეებმა ხაზი გაუსვეს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის უწყვეტობას და იმედი გამოთქვეს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული, თანამედროვე პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბებისათვის მხარეების თანამშრომლობა გაგრძელდება.
მათი თქმით, ამერიკა მზად არის იმ გამოცდილების გასაზიარებლად, რომელიც პენიტენციურ სისტემაში არსებული გამოწვევების დაძლევის პროცესში დაგროვდა.
შეხვედრისას გიორგი მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მტკიცე ნებას, რაც გულისხმობს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს დასავლური კურსი მკაფიო და უცვლელია.
მინისტრმა ერიკ რუბინს და თომას მელიას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის და იმ რეფორმების ხელშეწყობისთვის, რომელსაც საქართველო ახორციელებს. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანი დახმარებაა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემისთვის გამოყოფილი 1 მილიონი დოლარი, რომელიც INL-სა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, 2-წლიან პროგრამას უნდა მოხმარდეს.
პროგრამა საქართველოში თანამედროვე და ჰუმანური სასჯელაღსრულების პრაქტიკის დანერგვას, მულტიდისციპლინარული გუნდის ჩამოყალიბების ხელშეწყობას და თანამშრომელთა მომზადებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები