მინდია ჯანელიძე ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ნატო-საქართველოს ურთიერთობები და უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის მიმართულებების განხილვა იყო.
როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, არსებითი პაკეტით ნატო საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და გაწევრიანებაში დაეხმარება.
„საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული პარტნიორია. საქართველოს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ნატოს ოპერაციებში. უელსის სამიტი ჩვენს ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. შევთანხმდით არსებითი პაკეტის ელემენტებზე, რომელიც ქვეყნის თავდაცვით შესაძლებლობებს გააძლიერებს და საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაში დაეხმარება. ჩვენ საქართველოს შევთავაზეთ, ჩართულიყო ნატოს ინიციატივაში, რომლის მიზანიც პარტნიორი ქვეყნების ურთიერთთავსებადობის გაზრდაა. დღეს ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ინიციატივების სისრულეში მოყვანა. ნატო საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას სპეციალურად მივლენილი ექსპერტების მეშვეობით დაეხმარება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მხარეები არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ ნატოს საწვრთნელი ცენტრის საქართველოში შექმნის მნიშვნელობასაც შეეხნენ.
„ცენტრი ჩვენი შესაძლებლობების გაზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ცენტრი აუცილებლად გაიხსნება. შეხვედრაზე ნატო-საქართველოს შემდგომი ურთიერთობების საკითხები განვიხილეთ, მათ შორის არსებითი პაკეტი, რომელიც საქართველომ უელსის სამიტზე მიიღო. ის გეგმა, რომელიც უელსის სამიტზე საქართველოს გადაეცა დაგეგმილ რეჟიმში წარიმართება“ – აღნიშნა მინდია ჯანელიძემ ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ახალი საწვრთნელი ცენტრი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ნატოსთან აქტიურად თანამშრომლობაში დაეხმარება და ქართველ, ასევე სხვა პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობისთვის მოამზადებს.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ISAF-ის მისიაში მონაწილეობასა და 2015 წლიდან „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში ქართული კონტინგენტის ჩართვას. განხილვის ერთ-ერთი თემა იყო რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები