ლაშა თორდია: მოვუწოდებ ყველას, მათ შორის ალასანიას თავი შეიკავოს მსგავსი განცხადებებისგან

ძალიან ვწუხვარ, რომ აუდიტის სამსახურის საქმიანობის პოლიტიკურ პროცესებთან გაიგივება ხდება, – ამის შესახებ “ტელეიმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ განაცხადა. თორდიამ პოლიტიკოსებს, მათ შორის თავდაცვის ყოფილ მინისტრს მოუწოდა თავი შეიკავონ ისეთი შინაარსის განცხადებებისგან, რომელიც აუდიტის სამსახურის საქმიანობას პოლიტიკურ პროცესებთან გააიგივებს. როგორც თორდიამ განმარტა, აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროში აუდიტის სამსახური 2013 წლის ივლისის თვიდან შევიდა.
“ძალიან ვწუხვარ, რომ აუდიტის სამსახურის საქმიანობის პოლიტიკურ პროცესებთან გაიგივება ხდება. მე მინდა ყველას, მათ შორის ირაკლი ალასანიას მოვუწოდო აუდიტის სამსახურის საქმიანობის პოლიტიკურ პროცესთან გაერთიანებისგან თავი შეიკავონ.
თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ აუდიტის სამსახურს არ ჩაუტარებია ბრიფინგი, არ წაუყენებია ბრალი რომელიმე თანამდებობის პირისთვის, საქმესთან დაკავშირებით რაიმე დეტალი არ დაუსახელებია და თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული საკითხების გარეთ გამოტანით არ დაინტერესებულა. ჩვენ პროცესში მას შემდეგ გამოვჩნდით, რაც პარლამენტის ნდობის ჯგუფის მიერ იქნა მოთხოვნილი მასალები, რომლებსაც ამ უწყებაში ჩვენ წელიწადი და ოთხი თვეა ვსწავლობთ.
წელიწადის და ოთხი თვის წინ, 2013 წლის ივლისის თვიდან ჩვენ შევედით თავდაცვის სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მოთხოვნის საფუძველზე. თუ ვინმე თვლის, რომ ჩვენ ამ პერიოდით ადრე გავთვალეთ, რომ წელიწადნახევრის შემდეგ ირაკლი ალასანიას გაათავისუფლებდა პრემიერ-მინისტრი და ჩვენ ამ მასალებს გარეთ გამოვიტანდით, ეს არის აბსურდი“, – განაცხადა ლაშა თორდიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები