„როდესაც დანაშაულის ნიშნებს აღმოვაჩენთ რომელიმე სამინისტროში, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ“

საქმიანობა, რასაც აუდიტის სამსახური ახორციელებს, არის დამოუკიდებელი, სამართლიანი და ობიექტური,  – ეს განცხადება აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ “ტელეიმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ გააკეთა. ამით თორდია გადაცემის წამყვანის კითხვას გამოეხმაურა. ჟურნალისტი დაინტერესდა, ხელსუფლების მხრიდან აუდიტის სამსახურის მიმართ ხომ არ ჰქონდა ადგილი ზეწოლას, რომ ალსანიას წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში ეს სამსახური ჩართულიყო.
“არსებობს შესაძლებლობა, რომ ამოიღოთ მასალები, სადაც პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ჩვენი სამსახურის მიმართ დამოკიდებულებაა დაფიქსირებული. აუდიტის სამსახური როგორც ყოფილი, ისე მოქმედი ხელისუფლების მხრიდანაც მუდამ კრიტიკის ობიექტი იყო.
სწორედ ეს არის დასტური იმისა, რომ აუდიტის სამსახური არ ექვემდებარება არანაირ პოლიტიკურ კონიუნქტურას და ამის პასუხისმგებლობა პირადად ჩემზეა.
ის საქმიანობა, რასაც დღეს ეს სამსახური ახორციელებს, არის დამოუკიდებელი, სამართლიანი და ობიექტური. ეს არის პრინციპი, რომელზეც დგას აუდიტის ფუნქციონირება და საქმიანობა.როდესაც დანაშაულის ნიშნებს აღმოვაჩენთ რომელიმე სამინისტროში, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ, არ აქვს მნიშვნელობა ამ მთავრობის იქნება ეს სამინისტრო, თუ იმ მთავრობის“, – განაცხადა ლაშა თორდიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები