შსს აქციის ორგანიზატორებს მიმართავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხვალ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აქციის ორგანიზატორებს კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შს სამინისტრო მაქსიმალურად უზრუნველყოფს, რომ 15 ნოემბერს მანიფესტანტთა უსაფრთხოება დაცული იყოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
“შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დაცულ უფლებას. საქართველოს ხელისუფლება იცავს და პატივს სცემს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. სწორედ ამიტომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადაა დაიცვას 15 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის მიმდინარეობისას საზოგადოებრივი წესრიგი და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესებს და პასუხისმგებლობას კანონის ფარგლებში მანიფესტაციის წარმართვაზე უპირველესად აკისრებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად უზრუნველყოფს, რომ 15 ნოემბერს მანიფესტანტთა უსაფრთხოება იყოს დაცული. შესაბამისად, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტრო მოახდენს ნებისმიერ სამართალდარღვევაზე დროულ რეაგირებას და არ დაუშვებს შესაძლო პროვოკაციებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, იმოქმედონ მხოლოდ კანონის ფარგლებში და თავის მხრივ, უზრუნველყონ მანიფესტაციის მშვიდობიანად წარმართვა”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები