ლიზი ვაჩნაძე: თუ საჭიროდ ჩავთვლი, გავეცნობი მამაცაშვილის განცხადებას

„ტელეიმედის” გადაცემა “დროების“ ყოფილი ჟურნალისტი ლიზი ვაჩნაძე “რეპორტიორის“ გენერალური დირექტორის გიორგი მამაცაშვილის მიერ გასაჯაროებული სკანდალურ აუდიოჩანაწერის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს. როგორც ლიზი ვაჩნაძემ “კვირასთან“ სუაბრისას განაცხადა, ის არც გიორგი მამაცაშვილს იცნობს და არც მის მიერ გაკეთებულ განცხადებას გასცნობია.
“არ ვიცი, ვინ არის გიორგი მამაცაშვილი და არც ის ვიცი, რა მასალა გაავრცელა, შესაბამისად, კომენტარს ვერ გავაკეთებ. სანამ ზუსტად არ მეცოდინება რა თემაზეა საუბარი, ასე ზერელედ ვერ ვისაუბრებ. თუ საჭიროდ ჩავთვლი და დავინტერესდები, იმ შემთხვევაში გავეცნობი მამაცაშვილის განცხადებას“, – აღნიშნა ლიზი ვაჩნაძემ.
შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე 2007-2008 წლებში ჟურნალისტების შანტაჟისა და გადაბირების თემაზე სკანდალური აუდიომასალა გაასაჯაროვა და ყოფილი ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნების გვარები დაასახელა, რომელთა მეშვეობითაც ტელეიმედის გადაცემა “დროების“ ჟურნალისტების შანტაჟი და გადაბირების მცდელობა ხდებოდა. მისი თქმით, ეს პირები იყვნენ გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და გივი თარგამაძე. მამაცაშვილის თქმით, საქმეში ფიგურირებდა “რუსთავი 2“-ის იმჟამინდელი დირექტორი გოგი გეგეშიძე.
„რეპორტიორის“ გენერალურმა დირექტორმა იმ ჟურნალისტების სახელები და გვარებიც დაასახელა, რომელთა მიმართაც, მისი მტკიცებით, გადაბირების მცდელობა და შანტაჟი ხორციელდებოდა. მამაცაშვილის თქმით, გივი თარგამაძემ 200 ათასი ამერიკული დოლარი ვინმე კეკელიძის ანგარიშზე გადარიცხა.
„ყველას გვახსოვს, 2007 წლის დეკემბერში როგორ დაიწყო ტელეიმედის გადაცემა “დროების“ ჟურნალისტების ძირითადი ბირთვის წამოსვლა “ტელეიმედიდან“. ესენია არიან: დაჩი გრძელიშვილი, ზაზა წულაძე , იოსებ ბარნაბიშვილი, რუსუდან ცხომელიძე, ვაკო ავალიანი და ლიზი ვაჩნაძე. ერთ-ერთი შენობის სახურავზე ჟურნალისტებმა გააკეთეს განცხადება ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკაში ჩართვის შესახებ. ეს იყო წინასაპრეზიდენტო არჩევნების პერიოდი, დეკემბრის თვე. მაშინ გივი თარგამაძემ გიგა ბოკერიამ და გიგი უგულავამ დაიწყეს ამ ჟურნალისტების გადაბირების მცდელობა და შანტაჟი. ამ ჩანაწერებში ნათლად არის საუბარი თანხებზე, ორასი ათას ამერიკულ დოლარზე, რომელიც გივი თარგამაძის დავალებით გადაირიცხა ვინმე კეკელიძის ანგარიშზე. საქმეში ფიგურირებს “რუსთავი 2“ -ის იმჟამინდელი დირექტორი გოგი გეგეშიძე“, – განაცხადა მამაცაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები