გიორგი მარგველაშვილი: მე არ მოვსულვარ პარლამენტში ერთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან სასაუბროდ

„მე არ მოვსულვარ პარლამენტში ერთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან სასაუბროდ, არამედ მთლიანად საქართველოს უზენაეს საკანონმდებლო ორგანოსთან მინდა საკითხები განვიხილო“, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის დეპუტატებს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, იგი საკანონმდებლო ორგანოში ქართველი ხალხის სახელით მივიდა, რომ დეპუტატებს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ესაუბროს.
„მე მოვედი საქართველოს მთელი მოსახლეობის მანდატით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სახელით, რომ ქართველი ხალხის წარმომადგენლებს გაგიზიაროთ ყველა ხედვა, რაც ბოლო დროს ხდება. კონსტიტუციურად პარლამენტის, როგორც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელი ფუნქცია გადამწყვეტია.
თქვენ არა მარტო განსაზღვრავთ ქვეყნის ძირითად მიმართულებებს, არამედ აკონტროლებთ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას. პრემიერ-მინისტრი ყოველწლიურად წარმოგიდგენთ ანგარიშს სამთავრობო პროგრამის მიმდინარეობის შესახებ, და თქვენ აფასებთ მთავრობის საქმიანობას და აკეთებთ სათანადო დასკვნებს. საქართველოს პარლამენტის კონტროლის გაძლიერების მნიშვნელობა ხაზგასმულია ევროკავშირის შეფასებითი მისის ანგარიშშიც. სწორედ ამიტომ ერთი თვის წინ, როდესაც ჩვენს წინაშე დადგა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიის საშიშროება, მე მოგმართეთ ზუსტად თქვენ, ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე პოზიციის ჩამოსაყალიბებლად”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, იმ ფაქტმა, რომ აწ უკვე ყოფილ სამ მინისტრს საკვანძო მიმართულებები ებარა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, გამოიწვია კითხვები შინ თუ გარეთ იმის თაობაზე, თუ რამდენად ეფექტიანად გაგრძელდება საქართველოს ევროპული ტიპის სახელმწიფოდ – ევროპის ნაწილად ჩამოყალიბება.
„ახლა, როდესაც პოლიტიკური ვითარება დაიძაბა როგორც მთავრობაში, ასევე პარლამენტშიც, და კრიზისულმა მოვლენებმა გამოიწვია სამი მინისტრის გადადგომა და ახალი პოლიტიკურ ძალთა კონფიგურაციის შექმნა, მე ბუნებრივად მოგმართავთ თქვენ, ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს.
იმ ფაქტმა, რომ სამივე აწ უკვე ყოფილ მინისტრს საკვანძო მიმართულებები ებარა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, გამოიწვია კითხვები შინ თუ გარეთ იმის თაობაზე, თუ რამდენად ეფექტიანად გაგრძელდება საქართველოს ევროპული ტიპის სახელმწიფოდ – ევროპის ნაწილად ჩამოყალიბება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ დღეს ისე, როგორც არასდროს, 2012 წელს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, აუცილებელია ამ კურსის კონსოლიდაცია, მისთვის ახალი იმპულსების მინიჭება და მისი შეუქცევადობის დემონსტრირება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები