ნიკა მელია: ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას და არ იღებს ფულს რეჟიმისგან!
დღეს განვითარებული მოვლენები ცხადად აჩვენებს – ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას და არ იღებს ფულს – რეჟიმისგან!, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ცესკო-ს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს, დაფინანსების მიღებაზე უარი მხოლოდ პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ განაცხადა.
მისი თქმით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ არის პასუხისმგებლობის მქონე ძალა, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით.
„ვცდილობთ არ დავაზარალოთ ოპოზიციური პოლიტიკური ველი, რადგან ამ ქვეყნის მომავალი კოალიციური მართვაა – ზუსტად ასეთი არჩევანი გააკეთა ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს.
დღეს განვითარებული პროცესები, ცხადად წარმოაჩენს რეალობას – „კოალიცია ცვლილებისთვის“ არის პასუხისმგებლობის მქონე ძალა, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. პასუხისმგებლობა, პირადი და გუნდური აქვს მის თითოეულ წევრს, რასაც ადასტურებს ზუგდიდის საკრებულოს წევრების განცხადება და ადასტურებს კოალიციის გადაწყვეტილება დაფინანსებასთან დაკავშირებით.
მთელი დღის განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის წევრების“ მორალური პედისტალიდან გაკეთებულ განცხადებებსა და მოწოდებებს, რომ თურმე ზუგდიდის ფრაქცია „ახალი“ „ოცნებასთან“ თანამშრომლობს, დღის ბოლოს ფაქტებმა გასცა პასუხი, ყველა კითხვასა თუ ბრალდებას.
ჯერ აღმოჩნდა რომ ჩხოროწყუში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, იგივე რუტინული საბიუჯეტო პროცესი გაიარეს, ხოლო დღის ბოლოს გაირკვა – პარტიას მიუღია დაფინანსება, „ოცნებისგან“, – წერს ნიკა მელია „ფეისბუქზე“.
გარდა ამისა, მელია ეხმაურება ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ახალის“ წევრების მიერ 2025 წლის ბიუჯეტის მხარდაჭერის ფაქტს და აღნიშნავს, რომ პარტიამ საკითხში გარკვევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება საკუთარი წევრების გარიცხვის თაობაზე, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში უარი არ თქვა დაფინანსების მიღებაზე.
„ჩხოროწყუში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, საკითხში გარკვევის გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება საკუთარი წევრების გარიცხვის თაობაზე. ეს იმ დროს, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში უარი არ თქვა რეჟიმისგან დაფინანსების მიღებაზე! დაფინანსებაზე უარი მხოლოდ ჩვენმა კოალიციამ თქვა.
დღეს განვითარებული მოვლენები ცხადად აჩვენებს – ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას და არ იღებს ფულს – რეჟიმისგან!“, – წერს მელია Facebook-ზე.