თავდაცვის ყოფილ მაღალჩინოსანთა ადვოკატები, ძმები სამუშიები ალასანიას პარტიის დამფუძნებლები არიან

ძმები – გიორგი და ლევან სამუშიები, რომლებიც ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებს იცავენ, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ დამფუძნებლები და დღემდე პარტიის წევრები არიან.
როგორც „კვირას“ გიორგი სამუშიამ განუცხადა, იგი „კაბელების“ საქმეზე ბრალდებულ დავით წიფურიასა და ნუგზარ კაიშაურის ინტერესების დამცველია. მისი თქმით, იგი პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ დამფუძნებელია და დღემდე პარტიის წევრია. „ამ საკითხით, ახლა რატომ დაინტერესდით, რა შუაშია ჩემი პარტიულობა ამ საქმესთან“, – აღნიშნა გიორგი სამუშიამ. ამავე, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების: გიორგი ლობჟანიძისა და არჩილ ალავიძის ინტერესებს იცავს გიორგი სამუშიას ძმა ლევან სამუშიაც. ლევან სამუშიამ დაადასტურა „კვირას“ ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ისიც პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ დამფუძნებელი და დღემდე პარტიის წევრია.
შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დააკავა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია. საქმის მასალების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი მაღალი თანამდებობის პირები სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ფაქტზე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები