„კაბელების საქმის“ ადვოკატები მოსამართლისგან საქმის მასალების დაუშვებლად ცნობას მოითხოვენ

„კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს დაკავებული 5 მაღალჩინოსნის ადვოკატი ამ დრომდე საქმის მასალების ასლებს ითხოვს.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ადვოკატებმა საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართეს და აღნიშნეს, რომ პროკურატურის სურვლია, ადვოკატებმა იმიტაციური დაცვა განახორციელონ, და თუ მათ საქმის მასალების ასლები არ მიიღეს, 11 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოითხოვენ, რომ ყველა მტკიცებულება, რომელიც პროკურატურას გააჩნია, სასამართლომ დაუშვებლად ცნოს.
როგორც ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, ადვოკატებმა პროკურატურისგან წერილიც მიიღეს, რომელიც ურთიერთგამომრიცხავი დასაბუთებებითაა გაჯერებული.
„დარღვეულია დაცვის მხარის ფუნდამენტური უფლება განახორციელოს დაცვა. ს.ს. საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით ბრალდების მხარე ვალდებულია, ბრალდების წარდგენისთანავე დაცვის არსებული ყველა მტკიცებულების ასლი მიაწოდოს. ჩვენს შემთხვევაში საქმეს ადევს გრიფი „საიდუმლო“. ამ დროს კანონმდელობით შესაძლებელია მოხდეს დაცვის მხარის გაფრთხილება, რომ არ გაახმაურონ საიდუმლო ინფორმაცია. სხვა შეზღუდვა ან აკრძალვა კანონმდებლობაში არ არსებობს. რაც შეეხება სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონს, მითითებულია გრიფის მოხსნის წესი და ასევე ვინ შეიძლება დაშვებულ იქნეს ასეთ დოკუმენტზე. ამ კანონის ნორმები ფიზიკურ პირზე ან ადვოკატზე არ ვრცელდება. საუბარია იურიდიულ პირებზე, ანუ ეს კანონი ადვოკატს საერთოდ არ ეხება“, – აღნიშნა სოსო ბარათაშვილმა.
რაც შეეხება წერილის შინაარს, რომელიც ადვოკატებმა პროკურატურისგან მიიღეს, როგორც ბარათაშვილი აღნიშნავს, პროკურატურა უარს ამბობს, ადვოკატებს საქმის მასალების ასლები გადასცეს: „წერილში, რომელიც პროკურისგან მივიღეთ, მითითებულია, რომ უარს ამბობენ მტკიცებულებათა ასლები მოგვაწოდონ. შემდეგ აბზაცში კი გვეუბნებიან, რომ ჩვენს ორგანიზაციას, რომელიც არ გვაქვს, შეუძლია მიმართოს კონტრდაზვერვას, გაიაროს სათანადო შემოწმება და ამის მერე გადაწყვეტს კონტრდაზვერვა, დაგვიშვან თუ არა საიდუმლო მასალებზე. ამ ნაწილს წერილის პირველი აბზაცი უკავია. შემდეგ აბზაცში კი პროკურორი გვწერს, რომ შეგვიძლია, მივიდეთ პროკურატურაში, ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და გავეცნოთ მასალებს, მაგრამ არ გვაძლევენ ასლებს. თუ პროკურატურა გვეუბნება, რომ მასალების გაცნობა შეგვიძლია, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონი ამ საქმესთან კავშირში არ არის. მათ სურთ, რომ განვახორციელოთ არა რეალური, არამედ ფორმალური დაცვა, დაცვის იმიტაცია, თითქოს საქმის მასალებს ვეცნობით. ვერავინ დამარწმუნებს, რომ რაც არ უნდა ძლიერი იყოს ადვოკატი, მას ტომების დაზეპირება შეუძლია. მრავალი ტომი უნდა დავიზეპიროთ, და თურმე ამ ზეპირი ინფორმაციით უნდა განვახორციელოთ დაცვა, რაც შეუძლებელია.“
როგორც ბარათაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, თუ კიდევ ასე გაგრძელდა, გამოსავალი მხოლდ ერთია – სასამართლომ მტკიცებულებები დაუშვებლად უნდა ცნოს:
„ამის შემდეგ უნდა მოხდეს ერთი რამ, ყველა მტკიცებულება, რომელიც პროკურატურას გააჩნია, დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა ცნონ. ვაფრთხილებთ პროკურატურას, რომ ისინი ამ საშიშროების წინაშე დგანან. თუ სასამართლო კანონს დაიცავს, ეს უნდა გაითვალისწინოს, თუ არ დაიცავს, ამ შემთხვევაში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს მივმართავთ.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები