სოზარ სუბარის ვიზიტი მექსიკაში გრძელდება
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ტექნიკური დახმარების ნებაყოფლობითი ფონდის სამეურვეო საბჭოს წევრის რანგში სოზარ სუბარის ვიზიტი მექსიკაში გრძელდება. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, სუბარი მექსიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის ადგილობრივი ოფისის უმაღლეს პირებს შეხვდა. 5-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, საბჭოს წევრები მექსიკის აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს პირებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ტექნიკური დახმარების ნებაყოფლობითი ფონდი 1987 წელს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის რეზოლუციის საფუძველზე დაარსდა. ფონდის საქმიანობის მიზანი, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაციის მიმართულებით, ეროვნული ინსტიტუტებისთვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევაა. ფონდის სამეურვეო საბჭოს წევრები გაეროს გენერალური მდივნის მიერ სამი წლის ვადით ინიშნებიან.