გურიაში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 47 მილიონი ლარი დაიხარჯება

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დღეს გურიის რეგიონში იმყოფებოდა. მინისტრი გურიის გუბერნატორს, გიორგი ჩხაიძეს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა გუბერნატორს, გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს ინფორმაცია მიაწოდა ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო 2014 წელს რეგიონში აპირებს.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გურიაში განსახორციელებელი დამტკიცებული პროექტების მიხედვით, საავტომობილო გზების მშენებლობა – რეაბილიტაციას 29 917 900 ლარი მოხმარდება.
ასევე ამ თანხით 3 მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. წელს დასრულდება ნატანები-შრომა-ურეკის საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის ორ მონაკვეთზეც. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა რეგიონში წყალ-კანალიზაციის მშენებლობა-რეაბილიტაციას. ამ მიმართულებით პროექტების განსახორციელებლად 6 374 200 ლარი დაიხარჯება. დაგეგმილია ლანჩხუთისა და ოზურგეთის წყალსადენი სისტემების რეაბილიტაცია. ასევე, ჩოხატაურისა და ურეკის წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. წელს დასრულდება და ექსპლოატაციაში შევა ქ. ოზურგეთის ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა. დაგეგმილია ლანჩხუთისა და ოზურგეთის ნაგავსაყრელების საექსპლოატაციო სამუშაოებიც. მყარი ნარჩენების მართვის კუთხით განსახორციელებელ პროექტებს სახელმწიფო ბიუჯეტი სულ 380 470 ლარით დააფინანსებს. სამუშაოებს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია შეასრულებს.
გურიაში სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2 369 900 ლარი გამოყო. განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში მოხდება მდ. გუბაზეულის მიერ გამორეცხილი მიწის ვაკისის აღდგენა, ძველის ნაცვლად, ახალი სახიდე გადასასვლელი აშენდება მდ. სეფაზე. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება მდ. ცხრაფონაზე არსებულ სახიდე გადასასვლელსაც. გარდა ამ ჩამონათვალისა, ასევე დაგეგმილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას საავტომობილო გზის ცალკეულ მეწყრულ მონაკვეთებზე მიწის ვაკისის ჩაწყვეტის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები და ორაგვის ღელის წყალმიმღები ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
შეხვედრისას ასევე განიხილეს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გურიის მუნიციპალიტეტებისთვის დამტკიცებული პროექტები, რომლის პრიორიტეტებიც თავად ადგილობრივმა ხელისუფლებამ განსაზღვრა. რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ უკვე დაამტკიცა რეგიონში განსახორციელებელი 8 490 627 ლარის ღირებულების 28 პროექტი. აქედან 15 პროექტით გათვალისწინებულია გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია, 4 პროექტით – წყლისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგება; 8 პროექტით – საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია; 1 პროექტით – გარე განათების მოწესრიგება. გურიის რეგიონში 2014 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯამში, 47 533 127 ლარი დაიხარჯება. აქედან 39 042 500 ლარის სამუშაოების დაფინანსებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უზრუნველყოფს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კი გურია დამატებით 8 490 627 ლარს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები