ირაკლი ალასანია საქართველოში ევროკავშირის ელჩს იანოშ ჰერმანს შეხვდა

 

   თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოში ევროკავშირის ელჩს იანოშ ჰერმანს შეხვდა. როგორც ალასანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე მან ელჩს მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისივე განმარტებით, ელჩისგან მიიღო პირობა, რომ საერთაშორისო საზოგადოება დაინტერესებულია, პროცესი ღიად წარიმართოს.
“ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბოლო პერიოდში პროკურატურის მხრიდან პოლიტიკური ნიშნით, ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრისა და, ზოგადად, “თავისუფალი დემოკრატების” წინააღმდეგ წარმოებულ იერიშზე. ჩვენი მხრიდან ჩათვლილია, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად, რათა დაზიანდეს ჩვენი ქვეყნის საგარეო იმიჯი და ხელი შეეშალოს იმ მიზნების შესრულებას, რაც დასახული აქვს ქვეყანას, ევროატლანტიკურ სივრცეში სრული ინტეგრაციისთვის და, პირდაპირ რომ ვთქვათ, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის. როგორც ელჩმა აღნიშნა, ისინი დაინტერესებულნი იქნებიან, გამოძიება წარიმართოს ღიად, მაგრამ ღიად ვერ მიმდინარეობს – ადვოკატებს არ აქვთ საქმის მასალები. აქედან გამომდინარე, ეჭვები, რომელიც დღითი დღე მყარდება, საქართველოს აზიანებს”, – განაცხადა ალასანიამ. მისივე თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ სწრაფად დაიწყოს ღია გამოძიება. “არავის მივცემ საშუალებას, შებღალოს როგორც იმ სამხედროებისა და სამოქალაქო პირების იმიჯი და სახელი, ვინც დღეს დაკავებულია, ისე ჩემი პატივი და ღირსება. ამიტომ ამ საქმეს მე ბოლომდე მივყვები. საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან ყურადღებით იქნება ამ კუთხით, ისევე, როგორც დღეს განცხადება გააკეთა ამერიკის შეეერთებული შტატების დეპარტამენტმაც. ეს ყველაფერი ძალიან მახინჯ და ცუდ ფორმას მიიღებს, თუ არ მოხდება გამოძიების ღიად წარმართვა”, – განმარტა ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები