მინდია ჯანელიძე: ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი

 

   მინდია ჯანელიძე შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი სამუშაო დღე საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრით დაიწყო. გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებმა, დეპარტამენტის უფროსებმა და სხვადასხვა ქვედანაყოფის სარდლებმა მინდია ჯანელიძეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესები, დასახული ამოცანები და სამომავლო გეგმები გააცნეს. გაცნობით შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ასევე, ეროვნული გვარდიის სარდალი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე და შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ბესო ხატიაშვილი. “შედგა შეხვედრა გენერალური შტაბის ხელმძღვანელობასთან. გენშტაბის უფროსი არ იმყოფება საქართველოში და უახლოეს დღეებში ჩამოვა. ჩვენ შევხვდით სამხედრო მეთაურებს. ვისაუბრეთ შეიარაღებული ძალების წინაშე მდგარ საჭირბოროტო საკითხებზე, დავსახეთ მომავალი მუშაობის გეგმა. უახლოეს პერიოდში განმეორებით შევიკრიბებით და ყველა ძირითადი მიმართულებისგან, ყველა დანაყოფის წარმომადგენლისგან მოვისმენთ კონკრეტულ ანგარიშს, თუ რა მდგომარეობაა თითოეულ მიმართულებაზე, რა პრობლემებია, როგორ შეიძლება ამ პრობლემების გამოსწორება და ა.შ. მინდა გითხრათ, რომ პირველმა შეხვედრამ ჩაიარა საკმაოდ დადებითად. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. იმედი გვაქვს, რომ თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკური და სამხედრო ბლოკების ურთიერთობა ნაყოფიერი და შეიარაღებული ძალების განვითარებაზე ორიენტირებული იქნება”,-განაცხადა ჯანელიძემ. გენარალური შტაბის უფროსის მოადგილის, პოლკოვნიკ რომან ჯოხაძის განცხადებით, შეხვედრაზე როგორც არსებული სიტუაცია, ასევე სამომავლო გეგმები განიხილეს. “განვიხილეთ არსებული სიტუაცია, არსებული გეგმები, ასევე სამომავლო საკითხები. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. დაიგეგმა შემდეგი შეხვედრა, სადაც დეტალურად იქნება განხილული ჩვენი სტრუქტურების შესაძლებლობები და სამომავლო მოქმედებები”, – განაცხადა ჯოხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები