მაკა ბოჭორიშვილი: პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის წინაპირობების დაყენება სრულიად მიუღებელია
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE” სახელმწიფო სუვერენიტეტის, საკანონმდებლო დამოუკიდებლობისა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებში არსებულ სტანდარტებზე ისაუბრა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ჩარევასთან მიმართებით საფრანგეთის პრეზიდენტის პრინციპულ პოზიციას ეხებოდა, მინისტრმა აღნიშნა, რომ სუვერენიტეტის პრინციპი ყველა სახელმწიფოზე, მათ შორის, საქართველოზეც თანაბრად ვრცელდება და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებები ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს.
„თუკი საფრანგეთისთვის მიუღებელია მესამე ან მეორე ქვეყანამ უკარნახოს, თუ რა კანონი მიიღოს, იგივე პრინციპი მოქმედებს ჩვენთვისაც. ჩვენი საკანონმდებლო ორგანო მუშაობს და იღებს კანონებს სწორედ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად და ამას ნამდვილად უნდა ვცეთ პატივი,” – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის დეფიციტზეც გაამახვილა ყურადღება.
„ფაქტია, რომ ევროკავშირს უჭირს დიალოგში შემოსვლა, თუნდაც კანონებთან დაკავშირებით. ორი წლის განმავლობაში ხომ შესაძლებელი იყო, რომ თუკი არსებობდა პოლიტიკური დიალოგის სურვილი, მოძებნილიყო რაღაც პლატფორმა. თუკი პრობლემას კანონი წარმოადგენს, ამ კანონზე თუნდაც ერთი შეხვედრა და ერთი არსობრივი დისკუსია შემდგარიყო და მოგვესმინა ვინმესგან ორი წლის განმავლობაში, თუ რა ნაწილში არის ეს კანონი მიუღებელი,” – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი არ იზიარებს დიალოგის არქონის პოლიტიკას, ამასთან არიან ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ დიალოგის განახლებისთვის წინაპირობების დაყენებას, რაც ქართული მხარისთვის მიუღებელია.
„იგრძნობა, რომ გარკვეული მიდგომები საქართველოსთან დაკავშირებით შეცვლილია, სურვილიც არსებობს განსაკუთრებით რიგ წევრ ქვეყნებში. ძალიან აქტიურად ფიქსირდება პოზიცია, რომ ისინი არ ემხრობიან ბრიუსელის ერთგვარ “გაბუტულობის პოლიტიკას” და დიალოგის არქონის პოლიტიკას. თუმცა ბრიუსელს უჭირს დიალოგის დაწყება. არიან ქვეყნები ან ძალები, რომლებიც ცდილობენ, რომ წინაპირობები დააყენონ იმისათვის, რომ პოლიტიკური დიალოგი განახლდეს, რაც არის სრულიად მიუღებელი,” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.