„მოსმენების კანონზე პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის კონსულტაციები არ ყოფილა“
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ მოსმენების შესახებ კანონზე ვეტოს დადების ფაქტს საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი გია ჟორჟოლიანი გამოეხმაურა.
გია ჟორჟოლიანის განმარტებით, ის აღნიშნულ კანონს ვეტოს არ დაადებდა. მისი განმარტებით, საკითხის სირთულიდან და პროცედურებიდან გამომდინარე, მოსმენების კანონზე მუშაობას მეტი დრო სჭირდება.
„ მე ამ გადაწყვეტილებას ვეტოს არ დავადებდი. საპარლამენტო ცხოვრების პრაქტიკა, საკითხის სირთულე აჩვენებს, რომ ამას ბევრად მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ის დრო, რომელიც განსაზღვრა პრეზიდენტმა ამ საკითხის გადასაწყვეტად. ამას სჭირდებოდა დრო განსახილველად, მაგრამ რადგანაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული არსებულ მოცემულობაში, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ, ალბათ უფრო მიზანშეწონილია, მაქსიმალურად დააჩქაროს კომიტეტმა მუშაობა და პირველ დეკემბრამდე წარმოადგინონ პროექტი პრინციპების დონეზე. ეს თემა არაადეკვატურად არის წამოწეული. დღეს ნათელია, რომ სამთავრობო უწყებები არ იყენებენ ამ ინსტრუმენტებს მანიპულირებისათვის, იყენებენ კრიმინალთან ბრძოლაში. ერთ-ერთი მიმართულება შეიძლება იყოს მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტის გაძლიერება. მთლიანობაში კანონი, რომელიც მიღებულია პარლამენტის მიერ, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით რადიკალურად ცვლის ვითარებას არსებულთან შედარებით. არაადეკვატურია განცხადებები დღეს იმის შესახებ, რომ „ისევ გვისმენენ“. ეს აბსოლუტურად სიმართლეს არ შეესაბამება. ეს, ალბათ, პოლიტიკური ანგაჟირებულობისაკენ მისწრაფებით არის განპირობებული. ამას სინამდვილესთან კავშირი არა აქვს. კანონის ავტორებმა პრეზიდენტს ეს საკითხი გააცნეს, თუმცა მსჯელობა და კონსულტაციები პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის ამ თემაზე არ ყოფილა”.
დეპუტატმა საუბრისას პარლამენტისა და პრეზიდენტის თანამშრომლობის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი და დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხო. ჟორჟოლიანის თქმით, მალე ქვეყანა საპარლამენტო მმართველობაზე გადავა, სადაც პრეზიდენტს, მისი განმარტებით, მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქცია ექნება.
„ პრეზიდენტსა და საკანონმდებლო და აღმასრულებელ მთავრობას შორის თანამშრომლობა აუცილებელია. მით უმეტეს, როცა საკონსტიტუციო ცვლილებები ხდება. ჩვენ გადავდივართ საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე. აქ პერსონალური პოზიციების გამტკიცება კი არ უნდა იყოს მთავარი, არამედ ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ეფექტურ მმართველობას განახორციელებს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა წავიდეთ საპარლამენტო მმართველობისაკენ. ვფიქრობ, პრეზიდენტის როლი, ძირითადად, წარმომადგენლობითი უნდა იყოს“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილი ე.წ. გასაღებთან დაკავშირებულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად გონივრულ ვადად არაუგვიანეს 1-ელ დეკემბერს ასახელებს.
„მე მოვუწოდებ პარლამენტს, რომ, რაც შეიძლება, მალე მიიღოს ეს კანონი და გააკეთოს მთავარი – აღადგინოს ნდობა სახელმწიფოს აღმასრულებელ სტრუქტურებსა და საზოგადოებას შორის. ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა დემოკრატიულ საზოგადოებაში, მათ შორის კრიმინოგენული პრობლემების გადალახვა ხდება საზოგადოების მაქსიმალური ჩართვით. ამ მიმართულებით უნდა გადავდგათ ნაბიჯი და კიდევ ერთხელ ჩავრთოთ საზოგადოება აქტიურ დიალოგში და ამით გადაიჭრება ყველა ის პრობლემა, რომელზეც ვმსჯელობთ. უნდა აღდგეს ნდობა და ეს ნდობის აღდგენა უნდა დავიწყოთ პოლიტიკოსებმა. შესაბამისად, მე ამ არგუმენტაციით ვადებ ამ კანონს ვეტოს და იმედი მაქვს, რომ პარლამენტი გაიზიარებს ჩემს პოზიციას,“- განაცხადა პრეზიდენტმა.