სამთო -სადაზვერვო ბატალიონმა ISAF-ის მისია დაასრულა

  ავღანეთში, ყანდაღარის საავიაციო ბაზას ქართველი სამხედროები ტოვებენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების მიერ ISAF-ის მისიის დასრულება ბაზა ყანდაღარში საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამთო – სადაზვერვო ბატალიონის ჯარისკაცებმა საქართველოს სახელმწიფო დროშა დაუშვეს. ბატალიონის მეთაურმა, მაიორმა გიორგი კობიძემ გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ რომან ჯოხაძეს საქართველოს დროშა პირადად გადასცა.
ღონისძიებას აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ბრიგადის გენერალი დანიელ იო, აშშ-ის არმიის ბრიგადის გენერალი დუგლას გაბრამი (Duglas Gabram), ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი და ყანდაღარის საავიაციო ბაზის მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ ქართველ სამხედროებს მისიის წარმატებით და უდანაკარგოდ დასრულება მიულოცა. ქართული ბატალიონის პირად შემადგენლობას აშშ-ის საზღვაო ქვეითთა მეკავშირე ოფიცერმაც მიმართა და წარმატებული მისიისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ აშშ-ის საზღვაო ქვეითთა გაერთიანებული სამეკავშირეო ჯგუფის წევრებს უწყებრივი მედლები გადასცა. ავღანეთში საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ჯონი ტატუნაშვილმა მედლებით გენერალი მაზნიაშვილი, გენერალი კვინიტაძე, “სამშობლოსათვის თავდადებული” სამთო – სადაზვერვო ბატალიონის ხუთი სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამთო სადაზვერვო ბატალიონის პირადი შემადგენლობა ავღანეთში ყანდაღარის, ურუზგანისა და ზაბულის პროვინციებში 7 თვის მანძილზე ასრულებდა სამშვიდობო მისიას. ბატალიონის ძირითადი ამოცანა ყანდაღარის საავიაციო ბაზის დაცვა და პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, პატრულირება და ოპერაციის რაიონში მშვიდობის დამყარება იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები