„კეთილი უნდა ენება პრეზიდენტს და ისე გაეკეთებინა, როგორც საზოგადოების ინტერესებს შეესაბამებოდა“
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ მოსმენების შესახებ კანონზე ვეტოს დადების ფაქტს საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გამოეხმაურა.
დეპუტატის განცხდებით, პრეზიდენტს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა, ვოლსკის განცხადებით, დამატებითი კონსულტაციების გამართვაც აუცილებელი იყო.
„პრემიერმა გამოთქვა სინანული, რომ კონსულტაციები არ ჩატარებულა. ამ საკითხზე პრეზიდენტის წარმომადგენლისგან პარლამენტში განმარტება მივიღეთ. პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილმა გვიან მიიღო ეს ინფორმაცია და პროექტი. მთელი ღამე მოუხდათ მუშაობა, რომ ვადებში ჩატეულიყვნენ. თუ ობიექტურად ვიტყვით, ეს მარტო 24 საათი არ არის, წინა პერიოდიც იყო, პრეზიდენტთან მივიდნენ ვახტანგ ხმალაძე და შალვა შავგულიძე და დეტალურად განუმარტეს სიტუაცია მოსმენების კანონთან დაკავშირებით და ის, თუ რასთან გვქონდა საქმე.
პრეზიდენტს ჰქონდა იმის საშუალება, რომ მანამდე კანონპროექტს კარგად გასცნობოდა. საზოგადოებისთვისაც უფრო აუცილებელი იყო, რომ უფრო ინტენსიური, კოლეგიალური, მეგობრული კონსულტაციები გვქონოდა. კეთილი უნდა ენება პრეზიდენტს და ისე გაეკეთებინა, როგორც ჩვენი საზოგადოების ინტერესებს შეესაბამებოდა. მას კონსულტაცების დრო ჰქონდა. როცა გაქვს საშუალება, ჩაატარო პროფესიონალური და საზოგადოებისათვისთვის საჭირო კონსულტაციები, ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო “, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ვოლსკის განმარტებით, პარლამენტი პრინციპულად არ აპირებს, პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს. დეპუტატის განცხადებით, მოსმენების შესახებ კანონში ძალიან დეტალურად არის გაწერილი ის კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც შესაძლებელია სასამართლოს ნებართვით მოხდეს ამა თუ იმ ადამიანის მოსმენა. მისივე განმარტებით, მოსმენისთვის აუცილებელი ნორმები საკმაოდ მკაცრად არის გაწერილი.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილი ე.წ. გასაღებთან დაკავშირებულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად გონივრულ ვადად არაუგვიანეს 1-ელ დეკემბერს ასახელებს.
„მე მოვუწოდებ პარლამენტს, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს ეს კანონი და გააკეთოს მთავარი – აღადგინოს ნდობა სახელმწიფოს აღმასრულებელ სტრუქტურებსა და საზოგადოებას შორის. ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა დემოკრატიულ საზოგადოებაში, მათ შორის კრიმინოგენული პრობლემების გადალახვა საზოგადოების მაქსიმალური ჩართვით ხდება. ამ მიმართულებით უნდა გადავდგათ ნაბიჯი და კიდევ ერთხელ ჩავრთოთ საზოგადოება აქტიურ დიალოგში. ამით გადაიჭრება ყველა ის პრობლემა, რომელზეც ვმსჯელობთ. უნდა აღდგეს ნდობა და ეს ნდობის აღდგენა უნდა დავიწყოთ პოლიტიკოსებმა. შესაბამისად, მე ამ არგუმენტაციით ვადებ ამ კანონს ვეტოს და იმედი მაქვს, რომ პარლამენტი გაიზიარებს ჩემს პოზიციას,“- განაცხადა პრეზიდენტმა.