„მოსმენების ე.წ. გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უნდა გადაეცეს“

„მოსმენების ე.წ. გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში არ უნდა იყოს“,- აღნიშნული განცხადება სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ კვირას პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა. მაისაიას განცხადებით, გაუმართლებელი იქნება, მოსმენების ე.წ. გასაღები მოხვდეს იმ უწყების ხელში, ვინც წლების მანძილზე ტოტალურ მოსმენას ახორციელებდა.
ექსპერტმა ჟურნალისტებთან დეტალურად ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც შსს-ს მოსმენების უფლება უნდა ჩამოერთვას. მაისაიამ საზოგადოებას მოსმენების უფლების გადაცემა რამდენიმე განსხვავებული ორგანოს მიმართ შესთავაზა. მისი განმარტებით, ნებისმიერი ორგანოსთვის უფლების გადაცემის შემთხვევაში მასში საზოგადოების ჩართულობა უნდა იყოს მთავარი.
„ მოსმენების გასაღების მფლობელი არ უნდა იყოს ის ორგანო, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში დისკრედიტებული იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკური ოპერატიული სამსახურის მიერ ტოტალური მოსმენა ხდებოდა. ამისთვის სპეციალური აპარატურა იყო შეძენილი. ის რომ არ უნდა გადაეცეს იმ უწყებას, რომელიც სისტემურად არ არის რეფორმირებული და არის ძველი სისტემის გადმონაშთი, დაკომპლექტებულია ძველი კადრებით, რომელთაც სხვანაირად მუშაობა არ ძალუძთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს არის უკონტროლო, სადაც არანაირი საზოგადოებრივი კონტროლი არ არის და დახურული ტიპის სისტემად გადაიქცა. სწორედ ამ მიზეზების გამო შსს არ უნდა ფლობდეს მოსმენების გასაღებს. უპრიანი იქნებოდა, ეს იყოს უშიშროების საბჭოს ხელში. ეს არის ღია ორგანო და პრეროგატივითაც მას ეხება ეს საკითხი. შესაძლებელია ისიც, რომ პარლამენტმა შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც მოსმენებს გააკონტროლებს. ასევე შეიძლება ეს გადაეცეს ტელესაკომუნიკაციო მართვის კომისიას, რომელიც ასევე სამოქალაქო უწყებაა და მეტი უფლება მიეცემა, რომ თუ მასზე ზეწოლა განხორციელდება, ამ ზეწოლას ის გაახმაურებს. თუ დასახელებული სამი ფორმატიდან რომელიმეს ხელში გადავა ე.წ. მოსმენების გასაღები, აუცილებელი იქნება მასში სამოქალაქო სექტორის ჩართვა“,- აღნიშნა მაისაიამ.
მაისაიას განცხადებით, არათუ წინა წლებში, არამედ დღესაც გრძელდება მოსმენები. მისი თქმით, დღესაც კი მისი ტელეფონი ისმინება.
„ მოსმენები კვლავ გრძელდება და მე ეს ჩემი მაგალითით შემიძლია დაგიდასტუროთ. ჩემი ტელეფონი დღესაც ისმინება. მოსმენა ხშირად ხდება სელექციურად, როცა აპარატურა კონკრეტულ სიტყვებზე ან ფრაზებზე ირთვება, პროგრამა დაყენებულია ისე, რომ როდესაც ადამიანი იტყვის, მაგალითად, სიტყვებს: „ევროსასამართლო“, „ტერორიზმი“ და ასე შემდეგ, ის ავტომატურად ირთვება და ხდება აპარატის ჩართვა. თუმცა ამას უნდა ამაგრებდეს შესაბამისი სამართლებრივი აქტები“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები