საქართველოში კიდევ რამდენიმე ახალი საწარმო ამუშავდება

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში კიდევ რამდენიმე ახალი საწარმო შეიქმნება – ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 30 ოქტომბრის სხდომაზე მიიღო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ ოთხ კომპანიას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცემს. სამინისტროს ცნობით, კომპანიებისთვის გადაცემული ქონების ბაზაზე უახლოეს ორ წელიწადში ახალი საწარმოები ამუშავდება. როგორც სამინისტროში განმარტავენ, სამშენებლო მასალის ქარხანა დაიწყებს ფუნქციონირებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, რისთვისაც შპს „DAR CAPITAL“-მა სახელმწიფოსგან ერთ ლარად 7695 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები მიიღო. მათივე ინფორმაციით, კომპანია წარმოების დაწყებისთანავე 120 ადამიანის დასაქმებას აპირებს. „განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 1 303 944 ლარია. თბილისში, დიდი დიღმის მიმდებარედ 1981 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა შპს ,,საქელექტროდს,“ სადაც ლითონის მზა ნაწარმის საწარმო შეიქმნება. ამ მიზნით კომპანია 712 722 ლარის ინვესტირებას და მინიმუმ 20 ადამიანის დასაქმებას გეგმავს. 100-მდე ადამიანი დასაქმდება საფეიქრო საწარმოში, რომლის შექმნასაც შპს „როიალ-ჯორჯია“ თბილისში, ჭირნახულის ქუჩაზე მდებარე ქუჩა N 5-7-ში არსებულ ტერიტორიაზე გეგმავს. აღნიშნულ მისამართზე სახელმწიფო 5363 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს ფლობდა, რომლებიც შპს „როიალ-ჯორჯიას“ საწარმოს შესაქმნელად ერთ ლარად გადაეცა. დაგეგმილი ინვესტიციის მოცულობა 1 410 000 ლარს შეადგენს. 240 000 ლარი დაიხარჯება ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სამშენებლო მასალების საწარმოს შესაქმნელად, სადაც 70 ადამიანი დასაქმდება. ინვესტიციას შპს ,,კორდი’’ განახორციელებს, რომელმაც სიმბოლურ ფასად სახელმწიფოსგან 2222 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მიიღო“, – აცხადებენ სამინისტროში. მათივე ცნობით, ოთხივე კომპანია წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას არა მარტო ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს, არამედ მეზობელ ქვეყნებში ექსპორტზე გატანასაც აპირებს. „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული ამ საწარმოების პროექტების გარდა, საქართველოს მთავრობის განკარგულებით კიდევ ერთი საწარმოს შექმნას შეეწყო ხელი – შპს „საქართველოს მიწის კორპორაციას“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით აბაშის რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთები გადაეცა. აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანია 600 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე გათვლილი ფერმების კომპლექსის აშენებას და ამისთვის 5 000 000 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარის დახარჯვას აპირებს. „ვფიქრობ, ძალიან სასიხარულოა, რომ მთლიანობაში ამ პროექტების განხორციელების შედეგად ოთხასამდე ადამიანი დასაქმდება. ჯამში საუბარია 8 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე, რომელიც ორი წლის განმავლობაში განხორციელდება“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დაწყებიდან დღემდე უკვე 32 საწარმოს პროექტი დამტკიცდა. აქედან ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში 18, ხოლო ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში 14 პროექტი განხორციელდება. ამჟამად განხილვის სტადიაშია ასევე რამდენიმე ათეული საწარმოს პროექტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები