მაია ფანჯიკიძემ არარეზიდენტი ელჩები მიიღო

მსოფლიოს 14 ქვეყნიდან საქართველოს ორდღიანი ვიზიტით არარეზიდენტი ელჩები ეწვივნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ელჩებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილეებს, დავით ჯალაღანიასა და თამარ ბერუჩაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს.
ასევე გაიმართა მინისტრის მოადგილეების ინდივიდუალური შეხვედრები ელჩებთან, რომლის დროსაც მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
დღის ბოლოს ელჩები საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ მიიღო. 31 ოქტომბერს ელჩები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს რწმუნებათა სიგელებს გადასცემენ. სამინისტროს ინფორმაციით, არარეზიდენტი ელჩებისთვის გათვალისწინებულია კულტურული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ისინი ანსამბლ “რუსთავის” კონცერტს დაესწრებიან.
საგარეო უწყების ცნობით, რწმუნებათა სიგელების გადასაცემად საქართველოს ესტუმრნენ ელჩები ტაილანდის სამეფოდან (რეზიდენციით ქ. ანკარა), ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკიდან (რეზიდენციით ქ. ბუქარესტი), ქუვეითის სახელმწიფოდან (რეზიდენციით ქ. ბუქარესტი), არგენტინის რესპუბლიკიდან (რეზიდენციით ქ. ანკარა), სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან (რეზიდენციით ქ. კიევი), პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკიდან (რეზიდენციით ქ. ბაქო), პერუს რესპუბლიკიდან (რეზიდენციით ქ. ანკარა), მონღოლეთიდან (რეზიდენციით ქ. ასტანა), ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიული რესპუბლიკიდან (რეზიდენციით ქ. ანკარა), ახალი ზელანდიიდან (რეზიდენციით ქ. ანკარა), ნორვეგიის სამეფოდან (რეზიდენციით ქ. ბაქო), ესპანეთის სამეფოდან (რეზიდენციით ქ. ანკარა), სლოვენიის რესპუბლიკიდან (რეზიდენციით ქ. კიევი) და ზამბიის რესპუბლიკიდან (რეზიდენციით ქ. ანკარა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები