პრემიერი – საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ეუთოს წევრ ბევრ ქვეყანას, მათ შორის მოსკოვის მექანიზმის ინიციატორ არაერთ ქვეყანას, იქით ასწავლოს დემოკრატია, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს და მომავალშიც იმოქმედებს ქართველი ხალხის ნების შესაბამისად
საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ეუთოს წევრ ბევრ ქვეყანას, მათ შორის მოსკოვის მექანიზმის ინიციატორ არაერთ ქვეყანას, იქით ასწავლოს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, შემწყნარებლობა, შეკრების თავისუფლება, მედიის თავისუფლება, მედიაპლურალიზმი, პოლიტიკური პლურალიზმი, დემოკრატიული არჩევნები და ბევრი სხვა რამ. ამ თემაზე, მზად ვართ, გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველასთან, ვისაც ობიექტურობაზე აქვს პრეტენზია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს სჭირდება არა დემოკრატიული სისტემის გამუდმებული საბოტაჟი, არამედ კონსტიტუციური წყობილების გამართული ფუნქციონირება.
„საქართველოს სჭირდება არა ბუნდოვანება, არამედ გამჭვირვალობა. საქართველოს სჭირდება არა ტოტალური ლგბტ პროპაგანდა, არამედ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთან ინტერესების დაცვა. საქართველოს სჭირდება არა მუდმივი ქაოსი და არეულობა, არამედ მშვიდობა და სტაბილურობა. საქართველოს სჭირდება არა სიცრუე და სიძულვილი, არამედ ობიექტური მედია. საქართველოს სჭირდება არა უმცირესობის ძალადობა უმრავლესობაზე, არამედ უმრავლესობის დემოკრატიული მმართველობა. საქართველოს სჭირდება არა კრიმინალი პოლიტიკაში, არამედ სამართლის უზენაესობა სახელმწიფო მმართველობაში. საქართველოს სჭირდება არა ის, რასაც ითხოვენ მოსკოვის მექანიზმის ავტორები, არამედ ის, რასაც მხარი დაუჭირა საქართველოს მოსახლეობამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ეს არის მშვიდობა, სუვერენიტეტი და წინსვლა ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს და მომავალშიც იმოქმედებს ქართველი ხალხის ნების შესაბამისად”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.