აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჩაჩავას კლინიკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჩაჩავას კლინიკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბესიკ კუსიდიმ და ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთევან გოცირიძემ მოაწერეს.
მემორანდუმი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთათვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მათ საჭიროებაზე მორგებული სხვადასხვა ღონისძიებების შეთავაზებას ითვალისწინებს. დევნილი მოქალაქეები მიიღებენ სამედიცინო ამბულატორიულ მომსახურებას სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა პროფილის ექიმებთან.
„ჩვენი პრიორიტეტი მოქალაქეებზე ზრუნვაა, მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა ნიშნავს ათეულობით გადარჩენილ სიცოცხლეს და პრევენციას მოხდეს ადრეულ სტადიაში დაავადებების დიაგნოსტირება. კერძო სექტორის ჩართულობა და მათი სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია. ჩაჩავას კლინიკასთან მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს, მათი მაღალკვალიფიციური მედიკოსების დახმარებით და სამინისტროს ჩართულობით, არაერთ მოქალაქეს გაეწია სამედიცინო დახმარება, ამ მიმართულებით მუშაობას აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს გუნდი კვლავაც გააგრძელებს“, – განაცხადა ბესიკ კუსიდიმ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მანონა გეჯუა, კლინიკის საოპერაციო დირექტორი თეა ჩხაიძე, ცენტრის სამედიცინო ხელმძღვანელი, კლინიკური მენეჯერი ლეილა ნადარეიშვილი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ჩაჩავას კლინიკის მედიკოსებს შეხვდა.