საქართველოში ინკლუზიური და ეკოლოგიურად მდგრადი ტყის არამერქნული პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვების გაძლიერების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა „საქართველოში ინკლუზიური და ეკოლოგიურად მდგრადი ტყის არამერქნული პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვების გაძლიერება“ გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე ტყის არამერქნული პროდუქტების (სოკოები, სამკურნალო და ტექნიკური ნედლეული, ბალახოვანი და ბუჩქოვანი მცენარეებისა და მათგან წარმოებული პროდუქტების) ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური პოტენციალის სრულფასოვანი გამოყენების ხელშეწყობის, ტყის არამერქნული პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვების განვითარების ერთიანი ხედვის და კოორდინირებული მოქმედებების დაგეგმვის საკითხები განიხილეს.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა გახსნა.
„საქართველო მდიდარია ტყის არამერქნული პროდუქტებით – ქვეყანაში არსებობს 100-ზე მეტი სახეობის პროდუქტი. მნიშვნელოვანია, რომ გაეროს ტყის კომისიის წარმომადგენლებთან ერთად გვაქვს ამ რესურსების მდგრადი მოპოვების ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ასპექტების განხილვის შესაძლებლობა“, – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა პრიორიტეტული ღირებულებათა ჯაჭვების იდენტიფიცირების, წარმოების, გადამუშავების, მარკეტინგის, ბაზარზე ხელმისაწვდომობის, ხარისხის გაუმჯობესების, სერტიფიცირებისა და მიკვლევადობის მექანიზმების გაძლიერების, პროდუქციისა და ბაზრების დივერსიფიკაციის გზით რისკების შემცირების და გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვის ხელშეწყობის საკითხებზე.
„საქართველოში ტყის არამერქნული პროდუქტების მდგრადი განვითარება არა მხოლოდ ეკონომიკის გაძლიერების, არამედ ეკოლოგიური მდგრადობის, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის შესაძლებლობას იძლევა. ჩვენი ამოცანაა, ერთობლივი მუშაობით ხელი შევუწყოთ ღირებულებათა ჯაჭვების გაძლიერებას და სტრატეგიული დაგეგმვის განვითარებას, რაც საქართველოს ამ უნიკალური რესურსების მდგრად გამოყენებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ტყისა და ბიოეკონომიკის განყოფილების ხელმძღვანელმა ლილიანა ანოვაცი-იაკაბმა.
შეხვედრა სატყეო სექტორის რეფორმის ფარგლებში გაიმართა.
სამუშაო შეხვედრას, რომელიც ტექნიკურ სესიებს, ტყის არამერქნული პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზსა და ჯგუფურ სამუშაოებს მოიცავდა, სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური და კვლევითი წრეების წარმომადგენლები, ასევე ტექნიკური ექსპერტები, მწარმოებლები და ღირებულებათა ჯაჭვში ჩართული სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.