„საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე‘‘ – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ახალი პროექტი დაიწყო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ახალი პროექტი „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე‘‘ დაიწყო, რომელიც ინკლუზიური სერვისების განვითარებასა და გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში თბილისში გამართული პირველი შეხვედრა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა. მან სიტყვით გამოსვლისას ინკლუზიური განათლების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ინიციატივებზე ისაუბრა.
„ინკლუზიური განათლების განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რასაც ადასტურებს ბოლო პერიოდში განხორციელებული არაერთი ინიციატივა. მათ შორის, სამინისტროში შეიქმნა სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტი, ჩამოყალიბდა უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.
ამჟამად დავიწყეთ ახალი პროექტის განხორციელება, რომელიც
საჯარო დიალოგის ფორმატში წარიმართება და მასში მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობას მიიღებენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, მოსწავლეთა მშობლები და ყველა დაინტერესებული მხარე. მოვისმენთ თითოეულის პოზიციას, რეკომენდაციას და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება ბავშვთა საუკეთესო ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით მოხდება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში მასწავლებლებთან, მშობლებთან და შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან პანელური დისკუსიები გაიმართება. მიღებული უკუკავშირები და გამოკვეთილი საჭიროებები სამინისტროს მიერ გათვალისწინებული იქნება ინკლუზიური სერვისების განვითარების პროცესში.
ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.