უსუფაშვილი ალასანიას უწყების სკანდალზე: დადასტურების შემთხვევაში პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს

 

     პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. როგორც პარლამენტის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საქმე უბრალოდ ვერ ჩაივლის. მისივე თქმით, თუ დადასტურდა, რომ კონკრეტული პირებისადმი წაყენებული ბრალდება მართალია, ამას ძალიან სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს ყველა იმ პირის მხრიდან, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული, ხოლო თუ დადასტურდება, რომ ბრალდება უსაფუძვლოა, მაშინ იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც აღნიშნული საქმე წამოიწყო. “თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე ვერავითარ შემთხვევაში ვერ განიხილება, როგორც ერთი მორიგი საქმე. საქმე ეხება სწორედ თავდაცვის მიმართულებას – იმ მიმართულებას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, დელიკატური და მგრძნობიარე სფეროა. გახსოვთ, 2008 წლის ომის დროს, ეს ის მიმართულება იყო, რომელიც ჩავარდა, როცა შეიარაღებული ძალები მობილური ტელეფონების იმედზე იყო. ამიტომ საკითხში სიცხადის შეტანა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ეს საქმე უბრალოდ ვერ ჩაივლის – თუ დადასტურდა, რომ კონკრეტული პირებისადმი წაყენებული ბრალდება მართალია, ამას ძალიან სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს ყველას მხრიდან, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული, ხოლო თუ დადასტურდა, რომ ბრალდება საფუძვლიანი და მართებული არ არის, მაშინ იმ ადამიანების სერიოზული პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც ეს საქმე წამოიწყო. დღევანდელი მდგომარეობით, ყველა შემთხვევაში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, შეიარაღებულ ძალებს და სამხედრო სფეროს სერიოზული ზიანი აქვს მიყენებული – ან ამ დანაშაულის ჩადენით ან დანაშაულში უსაფუძვლო ბრალდებით. ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა მივყვეთ საქმეს ბოლომდე. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, საკითხს ჩემს პირად საქმედაც ვთვლი. პარლამენტი ყველა შესაძლო ბერკეტით, კანონისა და კონსტიტიციის ფარგლებში ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვება, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს – არც ერთი და არც მეორე ვარიანტი”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები