თბილისის მერია: თბილისში უხვმა ნალექმა სხვადასხვა დაზიანება გამოიწვია
დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები გამოიწვია. დაზიანებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. წაქცეულია ელექტროგადამცემი ანძები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, განსაკუთრებით საყურადღებოა მძიმე და სველი თოვლის გამო ხის ტოტების მტვრევის და ხეების წაქცევის ფაქტები.
“აღნიშნული მიზეზით, განსაკუთრებით სახიფათოა ხეების ქვეშ გადაადგილება. ბოლო 24 საათის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ხეების მასიური წაქცევის შემთხვევებს, რამაც დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, გარე განათების ბოძები, ავტომანქანები, ჩახერგა გზები. სხვადასხვა მისამართზე გაწყვეტილია ინტერნეტის სადენები, რის აღსადგენადაც პროვაიდერი კომპანიები აქტიურად მუშაობენ
ინფორმაციის მიღებისთანავე ხდება მყისიერი რეაგირება, თბილისის „ეკოსერვის ჯგუფი” და რაიონების გამგეობების ბრიგადები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში, რათა გზები გაიწმინდოს და პრობლემები აღმოიფხვრას.
აქვე, მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის და ოპერატიული მოქმედებისთვის,”- წერია ინფორმაციაში.