გიორგი ჯინჭარაძე პარლამენტში ერთობლივ სხდომაზე მოხსენებით წარსდგა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე მოხსენებით წარდგა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ერთობლივ სხდომას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი უძღვებოდნენ.
მოხსენებაში მთავრობის თავმჯდომარემ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად გადმოსული ახალგაზრდების ხელშეწყობის საკითხებზე ისაუბრა.
გიორგი ჯინჭარაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ აუცილებელ ნაბიჯებზე, რომლებიც აფხაზეთის მთავრობამ ამ მიმართულებით უნდა განახორციელოს.
კომიტეტისა და კომისიის ერთობლივ სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.