KIU-ს ბაზაზე საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების სატრენინგო პროგრამები განხორციელდება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ახალი პარტნიორობის ფარგლებში, KIU-ს ბაზაზე საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების სატრენინგო პროგრამები განხორციელდება.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა გვანცა ვარამაშვილმა.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს საჯარო სექტორში დასაქმებული პირების პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას, თანამედროვე ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას, საჯარო სამსახურის ეფექტიანობის გაზრდას. აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს შესანიშნავ საშუალებას საჯარო მოხელეებისთვის, მიიღონ ხარისხიანი განათლება კომფორტულ და თანამედროვე გარემოში.
პროექტი მოიცავს მსმენელებისთვის სასწავლო რესურსებით უზრუნველყოფას, მაღალკვალიფიციური ტრენერებისა და შესაბამისი დარგის ექსპერტებისგან გამოცდილების გაზიარებას, ასევე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ულტრათანამედროვე კამპუსში სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი ორგანიზაციული და ინფრასტრქტურული პირობების შეთავაზებას. პროგრამის განხორციელებას იუსტიციის სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმერეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში არსებულ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა გადამზადებას.
ღონისძიების ფარგლებში უკვე გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა აღნიშნული რეგიონების წარმომადგენლებთან, სადაც ტრენინგ-საჭიროებები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს განათლებისა და მეცნიერების სფეროებში, მათ შორის საგრანტო პროექტების ფარგლებში, ახალგაზრდა თაობისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობას.