აშშ-მა ირანის „ჩრდილოვანი ფლოტის“ და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

აშშ-ის ადმინისტრაციამ 30-ზე მეტი ფიზიკური პირის, ორგანიზაციისა და გემის წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უწყობენ ირანული ნავთობის უკანონო გაყიდვას და თეირანის მიერ ბალისტიკური რაკეტებისა და სხვა იარაღის წარმოებას, ახალი სანქციები გამოაცხადა.

როგორც გამოცემა „ევროპული სიმართლე“ იუწყება, ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) სანქციები 12 გემის წინააღმდეგ გამოაცხადა, რომლებიც ირანის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში მოქმედებენ.

OFAC-მა ასევე მიზანში ამოიღო ქსელები, რომლებიც საშუალებას აძლევს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს და ირანის შეიარაღებული ძალების თავდაცვისა და ლოჯისტიკის სამინისტროს, მოიპოვონ მგრძნობიარე აღჭურვილობა ბალისტიკური რაკეტების წარმოებისთვის, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების მესამე ქვეყნებში გავრცელებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობის საპასუხოდ, აშშ-მა გასულ კვირას ირანის მთავრობის წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვა დაუწესა.

როგორც უცხოური გამოცემა იუწყება, ახალი სანქციების გამოცხადება ვაშინგტონსა და თეირანს შორის სამხედრო დაძაბულობის ზრდის ფონზე მოხდა.

20 თებერვალს დონალდ ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ შეზღუდული დარტყმების განხორციელებას განიხილავდა.

ამერიკის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ირანთან კრიზისის დიპლომატიურ გადაწყვეტას ამჯობინებს, თუმცა ამავდროულად შესაძლო ომის სასარგებლოდ არგუმენტებიც მოიყვანა, კერძოდ, იმიტომ, რომ თეირანი, სავარაუდოდ, მალე შექმნის რაკეტებს, რომლებსაც შეერთებულ შტატებამდე მიღწევა შეეძლებათ.

ხვალ, 26 თებერვალს, აშშ-ისა და ირანის დელეგაციები ჟენევაში თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული შეთანხმების განსახილველად შეხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები