ბრეგაძე ბრალდებებს პასუხობს: უწმინდესს საქართველოს მტერს უწოდებენ გავჩუმდე?

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მისი მისამართით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. ბრეგაძის თქმით, იგი სარწმუნოებას და რელიგიურ გრძნობებს ყოველთვის დავიცავს, არათუ თანამდებობის დაკარგვამ, არამედ სიცოცხლის დათმობაც რომ მოუწიოს. “საინტერესოა! ახლა მოგმართავთ თქვენ-ქართულ საზოგადოებას-როდესაც უწმინდესს და უნეტარესს უწოდებენ საქართველოს ნომერ პირველ მტერს და მოღალატეს, რა უნდა ვქნათ, გავჩერდეთ? პასუხის გაცემის უფლებაც არ გვაქვს? კი, ბატონო, ვისაც უნდა, დაემორჩილოს ვაჭარაძის დიქტატურას და ისხექით თქვენს სკამებზე და იმის შიშით, რომ არ გადაგაყენონ და უმუშევარი არ დარჩეთ, ხმა არ ამოიღოთ, მე ჩემს სარწმუნოებას და რელიგიურ გრძნობებს ყოველთვის დავიცავ, არათუ თანამდებობის დაკარგვა, არამედ სიცოცხლის დათმობაც რომ მომიწიოს!” – წერს სანდრო ბრეგაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. სამოქალაქო პლატფორმაში “არა ფობიას!” შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა სანდრო ბრეგაძეს მიმართეს. მათი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძის მიმართ ბრეგაძის ნათქვამი აშკარა სიძულვილის ენას და ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოწოდებას შეიცავს. „პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან მისი მოხსენიება “ავადმყოფური აზროვნების ადამიანად”, “ერთუჯრედიან არსებად”, “მანქურთად”, ასევე მოწოდება ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ (“გამოჩნდება ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ემოციურ ფონზე თავად გამოიყენებს ძალას!”) და არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის შეზღუდვისკენ, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მიგვაჩნია, რომ საჯარო მოხელის, მით უმეტეს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის ამგვარი განცხადებები სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ახალისებს რა განსხვავებული აზრის მიუღებლობას, ფიზიკურ ანგარიშსწორებას და ემსახურება არასამთავრობო ორგანიაციების საქმიანობის დისკრედიტაციას“, – აცხადებდნენ ორგანიზაციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები