ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიური პროცესი იწყება
„ჯანდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს იწყებს“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, დღეისათვის, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და ფინანსური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 185 ათასს აღემატება, ხოლო ასეთი ოჯახების წევრთა რაოდენობა ჯამში, 710 000-ს შეადგენს.
მინისტრის განცხადებით, ბაზაში, სულ რეგისტრირებულია 400 ათასამდე ოჯახი, ჯამში, დაახლოებით, 1 300 000 პირი, აქედან ნახევარზე მეტი არ იღებს შემწეობას, თუმცა, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის შეღავათით.
„სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზა არაერთხელ გამხდარა არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი.
2012 წლის შემდეგ, მეტი ადამიანის მხარდაჭერის მიზნით, ორჯერ გაიზარდა იმ ქულის მაჩვენებელი, რომელიც შემწეობის მიღებას განსაზღვრავს. ქულა რომ არ გაზრდილიყო, ანუ, შედარებით უფრო შეძლებულებისთვისაც რომ არ დაენიშნა სახელმწიფოს შემწეობა, დღეისთვის, შემწეობის მიმღებ ოჯახთა რაოდენობა იქნებოდა, მაქსიმუმ, 120 ათასი, ნაცვლად 185 ათასი ოჯახისა.
სამწუხაროდ, გადამოწმების შეფერხებები, სხვა ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებები ოპოზიციურად განწყობილ პირებს საფუძველს უქმნიდა ასეთი სპეკულაციებისთვის.
აღსანიშნავია, რომ კოვიდპანდემიის შემდეგ, მოქმედებდა ე.წ. მორატორიუმი და გარდა უიშვიათესი გამონაკლისებისა, პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა ოჯახების გადამოწმება. ამის გამო, ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ადამიანები და ოჯახები, რომელსაც, საბედნიეროდ, აღარ აქვთ სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების აუცილებლობა.
ამავე მიზეზთა გამო, არის შემთხვევებიც, რომელთა რიცხვი არ არის, სამწუხაროდ, ცოტა. მაგალითად, ბაზაში დღეს რეგისტრირებულია და შემწეობას იღებს ოჯახი, რომელსაც ბოლოს სამ თვეში მიღებული აქვს შემოსავალი, ჯამში, რამდენიმე ათეული ათასი ლარი; ან არის რეგისტრირებული ოჯახი, რომელსაც ერთი წლის მანძილზე შეძენილი აქვს რამდენიმე ათეულ ათას ლარად ღირებული, რამდენიმე ავტომანქანა; ან რეგისტრირებულია ოჯახი, 2024 წელს შეძენილი აქვს იმავე, 2024 წელს გამოშვებული ავტომანქანა, ან რეგისტრირებულია ოჯახი, რომელსაც აღებული აქვს საბანკო სესხი რამდენიმე ასეული ათასი ლარის ოდენობით და ა.შ.“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ძირითად შემთხვევაში, სახეზეა ოჯახები, რომელთაც, ამ დროის განმავლობაში, გარკვეული მატერიალური შესაძლებლობები გაუჩნდათ, გაუუმჯობესდათ მდგომარეობა და აღარ არის ისეთი ხელმოკლე, როდესაც მათ სახელმწიფომ ფინანასური შემწეობა უნდა დაუნიშნოს.
„ამრიგად, ფაქტია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა, ბოლო წლების განმავლობაში. სწორედ ამ მიზეზთა გამო, იქმნებოდა ნიადაგი აღნიშნული რიცხვებით მანიპულირებისა და ყალბი შთაბეჭდილებების შესაქმნელად.
დროა, წერტილი დაესვას ასეთ პოლიტიკურ სპეკულაციებს და ამ მიზნით, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო იწყებს ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს.
ჩვენი მიზანია, რომ ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები და ადამიანები, რომლებსაც დღეისთვის, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა, რაც, თავის მხრივ გულისხმობს სოციალური შემწეობის გაცემას, ასევე – იმ მრავალი შეღავათით სარგებლობას, რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა. ბაზაში არ უნდა რჩებოდნენ ოჯახები და პირები, რომლებიც, ამ მდგომარეობით ვერ შეძლებდნენ აღნიშნული სტატუსის მოპოვებას, ვერც ახლა და ვერც წარსულში.
ამგვარად იქნება შესაძლებელი, რომ ბაზა გახდეს რეალური, რაც თავის მხრივ, აუცილებელია მეტი სოციალური სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, იმისთვის, რომ სოციალური დაცვისთვის გათვალისწინებული სახელმწიფოს რესურსები რეალურად ხმარდებოდეს და სრულად და უფრო ეფექტიანად ხმარდებოდეს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება და ვისაც ეს ნამდვილად ეკუთვნის, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძემ გადამოწმების პროცესსა და საამისოდ, უწყების მხრიდან არსებულ მზაობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მომდევნო თვეების განმავლობაში, გადამოწმდებიან ოჯახები, სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროგრამის მიხედვით. პრიორიტეტულად შემოწმდებიან ოჯახები, რომელთა შემთხვევაშიც, სხვადასხვა ფაქტორის გამო, მაღალია ალბათობა, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ იმ პირობებს, რომლის გამოც და რომლის შემთხვევაშიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ ეკუთვნით შემწეობა. მაგალითისთვის, ერთ-ერთ ასეთ საფუძვლად განისაზღვრება უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში, 2000-ლარიანი შემოსავლის მიღება, ყოველთვიურად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე პროცესების შესახებ, საზოგადოება პერმანენტულად მიიღებს ინფორმაციას.
„მინდა ყველას, ვისაც შეხება ექნება ამ პროცესთან, შესამოწმებელი ოჯახის წევრებიდან დაწყებული თვით შემმოწმებლებით დამთავრებული, თავი შეიკავონ ყოველგვარი სიყალბისაგან, რადგან პროცესი წარიმართება მკაცრი კონტროლით და ვერ იქნება დაშვებული ვერავითარი გადახრა, მართლზომიერების მოთხოვნიდან.
ეს პროცესი იქნება საკმაოდ ხანგრძლივი, რადგან მოითხოვს სკრუპულოზურ მუშაობას, ე.წ. ჯავშნების გათვალისწინებას, პროცედურების დაცვას. ამასთან, პარალელურად, ჩვენ მიერ გაანალიზდება პროცედურები და მისი ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, დაიხვეწება სისტემა – შეფასების მეთოდოლოგიიდან დაწყებული, დამთავრებული ბაზაში რეგისტრირებული რეალურად შეძლებული ოჯახების ამორიცხვის მექანიზმების შექმნით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.