მიხეილ სარჯველაძე: სახეზეა ოჯახები, რომელთაც, გაუჩნდათ გარკვეული მატერიალური შესაძლებლობები, გაუუმჯობესდათ მდგომარეობა და მათი ეს მდგომარეობა აღარ არის ისეთი ხელმოკლეობა, როდესაც მათ სახელმწიფომ უნდა დაუნიშნოს ფინანსური შემწეობა
„დღეისათვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და ფინანსური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა აღემატება 185 ათასს, ხოლო ასეთი ოჯახების წევრთა რაოდენობა შეადგენს ჯამში 710 000-ს. ბაზაში სულ რეგისტრირებულია 400 ათასამდე ოჯახი (ჯამში დაახლოებით 1 300 000 პირი), თუმცა, ნახევარზე მეტი არ იღებს შემწეობას, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის შეღავათით”,- ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზა არაერთხელ გამხდარა არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი“.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ძირითად შემთხვევაში სახეზეა ოჯახები, რომელთაც, ამ დროის განმავლობაში, გაუჩნდათ გარკვეული მატერიალური შესაძლებლობები, გაუუმჯობესდათ მდგომარეობა და მათი ეს მდგომარეობა აღარ არის ისეთი ხელმოკლეობა, როდესაც მათ სახელმწიფომ უნდა დაუნიშნოს ფინანსური შემწეობა.
„დასაწყისშივე აღვნიშნოთ, რომ 2012 წლის შემდეგ, მეტი ადამიანის მხარდაჭერის მიზნით, ორჯერ გაიზარდა იმ ქულის მაჩვენებელი, რომელიც შემწეობის მიღებას განსაზღვრავს. ქულა რომ არ გაზრდილიყო, ანუ, შედარებით უფრო შეძლებულებისთვისაც რომ არ დაენიშნა სახელმწიფოს შემწეობა, დღეისთვის შემწეობის მიმღებ ოჯახთა რაოდენობა იქნებოდა მაქსიმუმ 120 ათასი, ნაცვლად 185 ათასი ოჯახისა. სამწუხაროდ, გადამოწმების შეფერხებები, სხვა ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებები ოპოზიციურად განწყობილ პირებს საფუძველს უქმნიდა ასეთი სპეკულაციებისთვის. აღსანიშნავია, რომ კოვიდპანდემიის შემდეგ მოქმედებდა ე.წ. მორატორიუმი და გარდა უიშვიათესი გამონაკლისებისა, პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა ოჯახების გადამოწმება. ამის გამო, ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ადამიანები და ოჯახები, რომელსაც, საბედნიეროდ, აღარ აქვთ სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების აუცილებლობა.
ამავე მიზეზთა გამო, არის სრულიად ანომალიური შემთხვევებიც, რომელთა რიცხვი არ არის სამწუხაროდ ცოტა. მაგალითად, ბაზაში დღეს რეგისტრირებულია და შემწეობას იღებს ოჯახი, რომელსაც ბოლოს სამ თვეში მიღებული აქვს შემოსავალი ჯამში რამდენიმე ათეული ათასი ლარი, ან ოჯახი, რომელსაც ერთი წლის მანძილზე შეძენილი აქვს რამდენიმე ათეულ ათას ლარად ღირებული რამდენიმე ავტომანქანა, ან რეგისტრირებულია ოჯახი, რომელსაც 2025 წელს შეძენილი აქვს 2025 წელს გამოშვებული ავტომანქანა, ან ოჯახი, რომელსაც მაგალითად, აღებული აქვს საბანკო სესხი რამდენიმე ასეული ათასი ლარის ოდენობით და ა.შ. როგორც აღინიშნა, ასეთი ოჯახების რაოდენობა არ არის ცოტა, თუმცა, ძირითად შემთხვევაში სახეზეა ოჯახები, რომელთაც, ამ დროის განმავლობაში, გაუჩნდათ გარკვეული მატერიალური შესაძლებლობები, გაუუმჯობესდათ მდგომარეობა და მათი ეს მდგომარეობა აღარ არის ისეთი ხელმოკლეობა, როდესაც მათ სახელმწიფომ უნდა დაუნიშნოს ფინანსური შემწეობა.“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.