პრემიერი – დღეს დემოგრაფიაზე გვესაუბრებიან ადამიანები, რომლებიც დარბაზიდან გაიქცნენ, რადგან არ უნდოდათ ოჯახური ღირებულებების შესახებ და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება, მზად ვართ, უფრო სიღრმისეულად ვიმსჯელოთ დემოგრაფიის საკითხებთან და წამახალისებელ ზომებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება გაატაროს საქართველომ ხელისუფლებამ
2014 წელს დაიბადა 26 355 ბავშვი და 2024 წელს დაიბადა 14 156 ბავშვი. არის კატასტროფული ტენდენცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პირველი და მეორე შვილის შემთხვევაში არის თითქმის განახევრებული მაჩვენებლები, მაშინ, როდესაც მე-3 და შემდეგი შვილის შემთხვევაში მაჩვენებელი არის გაზრდილი და ეს არის მძიმე მსოფლმხედველობრივი, იდეოლოგიური პროცესების შედეგი.
„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ შევეხები დემოგრაფიის საკითხს. ჩვენ დღეს საუბარი გვქონდა იმიგრაციის თემაზე და ინტერპელაციის საგანი არ იყო,ზოგადად, დემოგრაფია და მათ შორის, არც იმიგრაცია. დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვართ, რა თქმა უნდა, უფრო სიღრმისეულად შევეხოთ ამ საკითხებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ზოგადად, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და მნიშვნელოვანი თემა, რაზეც მუშაობა არის საჭირო, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის რეალურად ერთადერთი მნიშვნელოვანი სფერო, სადაც ქვეყანას აქვს უარყოფითი ტენდენციები, შობადობა, ქორწინება, განქორწინება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ვითარების შეცვლა. კიდევ ერთხელ, მინდა გავიმეორო, რომ არსებითად, იმ პრობლემებს, რომლებსაც ჩვენ ვაწყდებით დემოგრაფიის სფეროში, უფრო მეტად შობადობა, ქორწინება, განქორწინების სფეროში, აქვს მსოფლმხედველობრივი მიზეზები და ნაკლებად სოციალურ-ეკონომიკური მიზეზები. ამას ადასტურებს, მათ შორის, შობადობის სტატისტიკა, რომელზეც უკვე ვისაუბრე. კონკრეტული ციფრები მინდა წარმოგიდგინოთ ამასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მე-3 და შემდგომ შვილს, აქ გვაქვს ასეთი სტატისტიკური მონაცემები – 2012 წელს მე-3 და შემდეგი შვილი საქართველოში დაიბადა 7 850. 2014 წლამდე გაიზარდა ეს მაჩვენებელი და 2014 წელს დაიბადა 11 014 ბავშვი, მე-3 და შემდეგი შვილი და ამის შემდეგ, 2014 წლიდან ჩვენ ვინარჩუნებთ ამ მკვეთრად გაზრდილ მაჩვენებელს და უფრო მეტიც, რომ ავიღოთ 2024 წლის მონაცემები, 2014 წლის მონაცემებთან შედარებითაც არის გაზრდილი და 2024 წლის მაჩვენებელია 11 457. 2012 წელს მე-3 და შემდეგი შვილი დაიბადა 7 850, 2014 წლისთვის იყო მკვეთრი ზრდა, 11 014 ბავშვამდე გაიზარდა და იმის მერე კიდევ გაიზარდა 11 457 ბავშვამდე. ეს ნიშნავს, რომ სოციალურ-ეკონომიკური მიზეზი ნაკლებად აქვს. ყველაზე მეტად თუ სადმე აისახებოდა სოციალურ-ეკონომიკური მიზეზები შობადობაზე, ეს იქნებოდა მე-3 და შემდეგი ბავშვი და ბუნებრივია, ეს მაჩვენებლები მიანიშნებს იმაზე, რომ მიზეზები არის არსებითად მსოფლმხედველობრივი.
რაც შეეხება პირველი და მეორე შვილის სტატისტიკას, აქ არის ზუსტად ძალიან მძიმე ტენდენციები, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მსოფლმხედველობრივია მიზეზები, რაც დაკავშირებულია შობადობის შემცირებასთან. 2014 წელს საქართველოში დაიბადა 26 355 ბავშვი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ზრდა გვაქვს მე-3 და შემდეგი შვილის შემთხვევაში. რაც შეეხება პირველ შვილს, 2014 წელს დაიბადა 26 355 ბავშვი და 2024 წელს დაიბადა 14 156 ბავშვი. არის კატასტროფული ტენდენცია. თითქმის განახევრებულია მაჩვენებელი პირველი შვილის შემთხვევაში. მსგავსი მაჩვენებელი გვაქვს მე-2 შვილის შემთხვევაში, 2014 წელს დაიბადა 23 171 ბავშვი და 2024 წელს დაიბადა 13 323 ბავშვი. უცნაურიც არის ეს სტატისტიკა. პირველი და მეორე შვილის შემთხვევაში არის თითქმის განახევრებული მაჩვენებლები, მაშინ, როდესაც მე-3 და შემდეგი შვილის შემთხვევაში მაჩვენებელი არის გაზრდილი. ეს არის მძიმე მსოფლმხედველობრივი, იდეოლოგიური პროცესების შედეგი, რისგანაც პრაქტიკულად მხოლოდ შარშან გავთავისუფლდით. შარშან მოვახერხეთ ამ ყველაფრისგან გათავისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ იყო უმძიმესი საგარეო ზეწოლა. მარტო რად ღირდა იმის გახსენება, რაც ჩვენ გამოვიარეთ ოჯახური ღირებულებების შესახებ და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონთან დაკავშირებით. გახსოვთ, რომ იყო შტურმი, საგარეო შტურმი და ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის შტურმი და დღეს დემოგრაფიაზე გვესაუბრებიან ადამიანები, რომლებიც დარბაზიდან გაიქცნენ, რადგან არ უნდოდათ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. ერთი მხრივ, ეშინოდათ გარე პატრონების, მეორე მხრივ – საზოგადოებრივი აზრის. ამიტომ, გაექცნენ დისკუსიას ამ საკითხთან დაკავშირებით. ტენდენციები არის შემაშფოთებელი, შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, რომ უფრო სიღრმისეულად ვიმსჯელოთ დემოგრაფიის საკითხებთან დაკავშირებით, შობადობის, ქორწინება-განქორწინების საკითხებთან და წამახალისებელ ზომებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება გაატაროს საქართველომ ხელისუფლებამ”, – განაცხადა პრემიერმა.