ირაკლი კობახიძე – 2025 წელს თავშესაფრის მიღებაზე 1 352 განაცხადი შემოვიდა, იმ პირთა 77,7%-ს, რომელთაც შარშან მიენიჭათ საერთაშორისო დაცვა, შეადგენენ უკრაინელები, საერთაშორისო დაცვის შესახებ ახალი კანონით, მაქსიმალურად შეიზღუდა თავშესაფრის სისტემით ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობა
ძალიან მნიშვნელოვანია თავშესაფრის სისტემის ბოროტად გამოყენების პრევენცია, საგრძნობად გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა და მუდმივად მზარდია ეს მაჩვენებლები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოველწლიურად საშუალოდ 1 200-ზე მეტი განაცხადი შედის.
„2025 წელს შემოვიდა 1 352 განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე. რაც შეეხება სტატისტიკას ქვეყნების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება – თურქეთი 226 პირი, ინდოეთი 219 პირი, უკრაინა 150 პირი, ირანი 135 პირი, პაკისტანი 116 პირი. მიღებული იქნა ახალი კანონი საერთაშორისო დაცვის შესახებ, მადლობა თქვენ ამისათვის, მაქსიმალურად შეიზღუდა ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობა. უმეტეს შემთხვევაში, აშკარად საფუძვლის გარეშე ითხოვენ თავშესაფარს უცხოელი მიგრანტები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აქ გვქონდეს სათანადო რეაგირების საშუალება. დაინერგა სკრინინგის მექანიზმი, დაინერგა ასევე უსაფრთხო მესამე ქვეყნის კონცეფცია, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მარტივი, დაჩქარებული პროცედურების საფუძველზე ვუთხრათ უარი იმ პირებს თავშესაფარზე, რომლებსაც რეალური საფუძველი არ აქვთ. გაფართოვდა განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის შესაძლებლობა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დაინერგა განცხადების უშუალოდ საზღვარზე განხილვის პროცედურა. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც უცხოელები ცდილობენ საქართველოში შემოსვლას, თავშესაფრის მიღებას, ისე, რომ აშკარად არ აქვთ არავითარი საფუძველი ამისათვის და ახალი რეგულაციები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საზღვარზე გავაბრუნოთ შესაბამისი პირები. იმ პირთა 77,7 პროცენტს, რომელთაც შარშან მიენიჭათ საერთაშორისო დაცვა, შეადგენენ უკრაინელები. გასაგებია მიზეზი, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო. სულ მთლიანობაში დაკმაყოფილებულ განცხადებებში უკრაინელების წილი არის 42 პროცენტი. თავშესაფართმიცემულ პირებს შორის 42 პროცენტი არიან უკრაინის მოქალაქეები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.