შექმნილია ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაცემთა სპეციალური ელექტრონული სისტემა, ელექტრონული ბაზა, სადაც რეგისტრირებულია ადგილობრივ დამსაქმებელთან დასაქმებული 51 448 შრომითი იმიგრანტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გენდერული სტატისტიკის მიხედვით, 74% არის მამაკაცი, 26% – ქალი.
„რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც შრომით საქმიანობას ახორციელებენ საქართველოში. შექმნილია ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაცემთა სპეციალური ელექტრონული სისტემა, ელექტრონული ბაზა, სადაც რეგისტრირებულია ადგილობრივ დამსაქმებელთან დასაქმებული 51 448 შრომითი იმიგრანტი. გენდერულ სტატისტიკასაც მოგახსენებთ – 74% არის მამაკაცი, 26% – ქალი. მათგან, დაახლოებით 25% არის რუსეთის მოქალაქე, დაახლოებით 13.3% არის ინდოეთის მოქალაქე, თურქეთის – 5 600 პირი, ბელარუსი – 4 930. სლავური ქვეყნების წარმომადგენლები ძირითადად არიან დასაქმებული IT სექტორში უმეტესად. რაც შეეხება ინდოეთის მოქალაქეებს, ისინი უმეტესად არიან დასაქმებული მშენებლობის სექტორში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში. თურქმენეთი – არის 4 000-ზე მეტი ასეთი პირი, ისინი ძირითადად ინფრასტრუქტურის სფეროში არიან დასაქმებული, აზერბაიჯანი – 3 000-მდე პირია, უკრაინა – 2 849. უკრაინელები ძირითადად არიან IT სფეროში, თუმცა ასევე სტუმარ-მასპინძლობის სფეროში დასაქმებული. ჩინეთი – 2 000-მდე პირია, ყაზახეთი – 1 891, ირანი – 1 277 პირი.
რაც შეეხება დასაქმების სექტორებს, საერთო სტატისტიკას – IT სფეროში არის დასაქმებული უცხოელი შრომითი მიგრანტების 32%, მშენებლობის სექტორში – 3.6%, მარკეტინგი, რეკლამა, გაყიდვები, მომარაგება, გაქირავება -7.9%, გართობა, დასვენება, სათამაშო ბიზნესი – 6.6%, ბიზნესის ადმინისტრირება – 6.2%, სტუმარ-მასპინძლობა – 5.8%, დაუმუშავებელი მრეწველობა – 4.6%, აქაც არის ქარხნები, სადაც პრაქტიკულად შეუძლებელია ხშირ შემთხვევაში ქართველი მუშახელის მოძიება, შესაბამისად, შესაბამის საწარმოებს უწევთ უცხოელი მუშახელის ჩამოყვანა საქართველოში. განათლების სფეროში დასაქმებულია უცხოელების 2.1%, სპორტი – 2.1%”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.