დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი: დაცულ ტერიტორიებზე, ჯამში, 2200 კილომეტრზე მეტი სიგრძის ბილიკების ქსელია განვითარებული

საქართველოში დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად ვითარდება და ვიზიტორებს წლის ნებისმიერ სეზონზე მრავალფეროვან, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით 100 დაცული ტერიტორიაა, რომლის ეკოტურისტული მიმართულებით განვითარებაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

„დღეისათვის, დაცულ ტერიტორიებზე კეთილმოწყობილია, ჯამში, 2200 კილომეტრზე მეტი სიგრძის ბილიკების ქსელი, რომელიც განკუთვნილია როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მოლაშქრეებისთვის. ბილიკები მოიცავს სხვადასხვა სირთულისა და ხანგრძლივობის მარშრუტებს, მათ შორის, როგორც ერთდღიან, ისე მრავალდღიან მიმართულებებს“, – აღნიშნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ.

როგორც თამარ ხახიშვილმა განმარტა, ბილიკებზე განვითარებულია მცირე რეკრეაციული ინფრასტრუქტურა: მოწყობილია კოტეჯები, ფანჩატურები, საპიკნიკე და ცეცხლის დასანთები სივრცეები, რაც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს ბუნებაში კომფორტულად და უსაფრთხოდ გაატარონ დრო. ბილიკებზე დამონტაჟებულია საინფორმაციო დაფები და მიმართულების მაჩვენებლები, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო მარტივსა და უსაფრთხოს ხდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები