„ზაზა პაპუაშვილმა კომიტეტი გინებითა და შეურაცხყოფით დამატოვებინა“

 

     საგანმანათლებლო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართეს.
როგორც კომიტეტის სხდომიდან გამოძევებულმა საგანმანათლებლო კონსულტაციების ცენტრის ხელმძღვანელმა ტატო შავშიშვილმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, პარლამენტის ზოგიერთ წევრს არგუმენტები არ ჰქონდა და ძალადობრივ დაპირისპირებაზე გადავიდა.
ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისას კომიტეტის წევრებსა და მიწვეულ სტუმრებს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც ტატო შავშიშვილმა განმარტა, მას კანონპროექტთან დაკავშირებით 2 კითხვის დასმა სურდა, კომიტეტის წევრმა ზაზა პაპუაშვილი კი კითხვის დასმის შესაძლებლობა არ მისცა და კომიტეტი გინებითა და შეურაცხყოფით დაატოვებინა.
„ძალიან სამწუხაროა, როცა პარლამენტის წევრს საპაექროდ არგუმენტები არ ეყო და ძალის არგუმენტის გამოყენებით ეცადა აზრობრივი უპირატესობის მოპოვებას. საზოგადოების ჩართულობა სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილბების მიღების პროცესში დემოკრატიის მთავარი მონაპოვარია. მიუხედავად იმისა, რომ მიწვეული ვიყავი ამ სხდომაზე, როგორც დარგის სპეციალისტი, არ მომეცა თუნდაც ერთი კითხვის დასმის საშუალება, არც აღმასრულებელი და არც საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის. ეს დემოკრატიულობის ჩახშობაა. სხდომაზე შეურაცხყოფა მომაყენა და აგრესიულობით გამოირჩეოდა ზაზა პაპუაშვილი. ის აგრესიულად, გინებით, შეურაცხყოფით გამოემართა ჩემკენ და მე იძულებული გავხდი, სხდომა დამეტოვებინა“,- განაცხადა ტატო შავშიშვილმა.
შავშიშვილის განმარტებით, იმ სქემის მიხედვით, რომლის დამტკიცებასაც პარლამენტი აპირებს, ძალიან მარტივად მოხდება პედაგოგის სკოლიდან გათავისუფლება, რაც, მისი თქმით, ნეპოტიზმისა და კორუფციის საფრთხეებს ზრდის.
შავშიშვილმა კომიტეტის სხდომის მონაწილეებს პროფესიონალიზმიც დაუწუნა. მისი განცხადებით, გუშინდელი სხდომის ძირითადი ავტორები მსახიობები იყვნენ, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ უაღრესად პატივსაცემი პროფესიის წარმომადგენლები არიან, ჯეროვნად ვერ შეძლებენ იმსჯელონ და სიღრმისეულად განიხილონ განათლების საკითხები.
„ჩვენ მოვიპოვეთ მასწავლებლის პროფესიული და კარიერული ზრდის სქემა. სქემაში დევს ბომბები. სქემის მიხედვით, რომლის დამტკიცებასაც ესენი აპირებენ, მასწავლებლის გათავისუფლება უმარტივესი იქნება. ძალიან მაღალი იქნება კორუფციისა და ნეპოტიზმის რისკი. მაღალია რისკი იმისა, რომ სამინისტროს სურვილის შემთხვევაში, მათ საშუალება მიეცემათ, სუბიექტური შეხედულების გამო გაათავისუფლონ ესა თუ ის სპეციალისტი სამსახურიდან. აუცილებელია, საკანონმდებლო დონეზე მაინც არსებობდეს გარანტიები მასწავლებლის კანონიერი უფლებების დაცვისა. მასწავლებლის გათავისუფლება არ უნდა იყოს მარტივი. ის ხალხი, ვინც პარლამენტში ამ საკითხს განიხილავდა, განათლების დარგის სპეციალისტები არ არიან. იქ ვანო კიღურაძის გარდა არავინ იყო განათლების დარგის სპეციალისტი. ზაზა პაპუაშვილი საერთოდ არანაირ კავშირში არ არის სკოლასთან, არც მომღერალი ჭკუასელი, რომელიც, ალბათ, სკოლის დამთავრების შემდეგ სკოლაში არ შესულა. ძირითადად, იქ იყვნენ მსახიობები, ძალიან დასაფასებელი პროფესიაა, მაგრამ ისინი არ არიან განათლების დარგის სპეციალისტები“,- აღნიშნა შავშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები