საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) უკრაინელ სკელეტონის მრბოლელს ვლადისლავ ჰერასკევიჩს 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პირველი ეტაპის წინ დისკვალიფიკაცია მიანიჭა.
IOC-ის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კომიტეტის მიერ ჰერასკევიჩისთვის იმ ჩაფხუტის გამოყენების აკრძალვა, რომელზეც რუსეთ–უკრაინის ომში დაღუპული უკრაინელი სპორტსმენები იყვნენ გამოსახული.
მიუხედავად აკრძალვისა, ჰერასკევიჩმა აღნიშნული ჩაფხუტით ვარჯიში გააგრძელა.
„ეს გადაწყვეტილება გულს მტკენს. მაქვს განცდა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ღალატობს იმ ათლეტებს, რომლებიც ოლიმპიური მოძრაობის ნაწილი იყვნენ და არ აძლევს საშუალებას, სპორტის იმ არენაზე მიაგონ მათ პატივი, სადაც ეს ადამიანები ვეღარასდროს გამოვლენ,“ — დაწერა ჰერასკევიჩმა Instagram-ზე.
ჰერასკევიჩს მხარდაჭერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოუცხადა. მისი თქმით, ჩაფხუტზე გამოსახული არიან უკრაინელი ათლეტები, რომლებიც რუსეთის აგრესიას ემსხვერპლნენ.
2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები იტალიაში 6 თებერვალს დაიწყო. თამაშებზე რუსეთისა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებებს მონაწილეობა აკრძალული აქვთ, თუმცა ამ ქვეყნების სპორტსმენებს ინდივიდუალურ შეჯიბრებებში „ნეიტრალური“ სტატუსით გამოსვლის უფლება მიეცათ.