მილიარდ 200 მილიონის ინვესტიცია და 6 ახალი ჰესი
მოუტანს თუ არა მსხვილი ენერგეტიკული პროექტები საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
საქართველოში ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობა გრძელდება. მიმდინარე წელს ქვეყანაში 6 ჰესის მშენებლობა დასრულდება. ესენია: „ახმეტაჰესი“, „დეგეტაჰესი“, „ფარავანი“, „არაგვი“, „ნაბეღლავი“, და „ყაზბეგიჰესი“.
ენერგეტიკულად ძალიან საჭირო, პოლიტიკურად მნიშვნელოვანი და ეკონომიკურად მომგებიანი,- ასე შეაფასა ჰესების პროექტები მიმდინარე ენერგეტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი შუკაკიძემ. როგორც შუკაკიძემ „კვირასთან“ საუბრისას განმარტა, სულ 14 ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა მისივე თქმით, გიგანტურ ჰესად არც ერთი მათგანი არ შეიძლება ჩაითვალოს.
„ამჟამად 14 ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს, 6 მათგანი წელს უნდა დამთავრდეს. არც ერთი მათგანი არ შეიძლება ჩაითვალოს გიგანტურ ჰესად. ისინი მცირე, საშუალო და დიდი ზომის ჰესებია.
„მიმდინარე მშენებლობებიდან ყველაზე მძლავრი 175 მეგავატიანი „შუახევჰესია“, ხოლო სიმძლავრით მის შემდგომ უკვე „დარიალი“ მოდის,“ – განაცხადა გიორგი შუკაკიძემ.
შუკაკიძის განცხადებით, ჰესები არა თანაინვესტირებით, არამედ მთლიანად უცხოური, მათ შორის თურქული, ინდური, ნორვეგიული, ამერიკული და ლატვიური კაპიტალით შენდება.
მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამოც სახელმწიფოს წინაშე ჰესების მშენებლობის აუცილებლობა დადგა, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა გახდა. როგორც შუკაკიძემ „კვირასთან“ საუბრისას განმარტა, წლიდან წლამდე ქვეყანაში ენექტროენერგიის მოხმარება რამდენიმე პროცენტით იმატებს. აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი საჭირო გახდა ქვეყნის ჰიდრორესურსი უფრო ეფექტურად იყოს გამოყენებული.
მისივე თქმით, ჰესები საქართველოს ენერგეტიკული კუთხით დამოუკიდებლობას მოუტანს, ხოლო ზამთარში ელექტროენერგიის მეზობელი ქვეყნებიდან შეძენა საქართველოს აღარ მოუწევს, რადგან სამინისტროს გათვლებით, ჰიდროელექტრო სადგურების აშენების შემდეგ ქვეყანა თავის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ზამთარშიც სრულად შეძლებს, ზაფხულში კი, ექსპორტზე კიდევ უფრო მეტი რაოდენობით გაყიდის.
„ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, 2010 წელს 2009 წელთან შედარებით ელექტროენერგიის მოხმარების კუთხით დაახლოებით 10 % იანი ზრდა დაფიქსირდა, 2011-ში კი, დაახლოებით 9% იანი, 2012 წელს 3 %-მდე, 2013 -ში 3 % -ზე მეტი. ეს მოთხოვნები რომ დავაკმაყოფილოთ, ამისთვის საჭიროა, ჩვენივე ჰიდრორესურსი ეფექტურად გამოვიყენოთ. ვაშენებთ იმიტომ, რომ იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩანაცვლება ადგილობრივი რესურსით მოხდეს, ხოლო შემდგომ, თუ ამას შევძლებთ, სასურველია, ადგილობრივი რესურსით თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ჩანაცვლებაც, რადგან თბოსადგურში მატარებლებს მოვიხმართ, რომლებიც მეზობელი ქვეყნებიდან შემოდის. დამოკიდებულება, როგორც ასეთი ენერგეტიკულ პროდუქტზე, ან ენერგომატარებლებზე დიდია, ეს მაქსიმალურად უნდა შევამციროთ და ის ქვეყნის შიგნით წარმოებული ელექტროენერგიით ჩავანაცვლოთ. ელექტროენერგიას ჩვენ ზამთარში ვყიდულობთ, მაგრამ ენერგეტიკული ზამთარი ჩვენს ქვეყანაში 1 სექტემბრიდან თითქმის აპრილის ბოლომდეა. პირველი სექტემბრიდან ჩვენ თბოსადგურებს ვრთავთ სისტემაში, ვყიდულობთ მათთვის მეზობელი ქვეყნებიდან გაზს და ვწვავთ. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ აქვე ვაწარმოოთ ელექტროენერგია და არ ვიყოთ დამოკიდებული იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე, რომელიც დღეს რუსეთიდან შემოდის,“- განაცხადა გიორგი შუკაკიძემ.
მისივე თქმით, იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი დღეს ახალი ობიექტების მშენებლობის შემდეგ მიღებულ ელექტროენერგიაზე ძვირია. როგორც შუკაკიძემ განმარტა, შესაძლებელი იქნება, რომ ელექტროენერგია ახალაშენებული ჰესებიდან უფრო ნაკლებ ფასად მივიღოთ, ვიდრე დღეს არსებული იმპორტის ფასია.
მისივე განცხადებით, ჰიდროელექტრო სადგურები არის მწვანე ენერგიის წყარო, აქედან გამომდინარე, როგორც შუკაკიძემ განმარტა, ჰიდრო გაცილებით სუფთაა, ვიდრე სხვა ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგია.
ენერგეტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბოლო დროს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალური თემის – „ჰუდონჰესის“ მშენებლობის საკითხსაც შეეხო, მისი თქმით, „ჰუდონი“ ეკონომიკურად და ენერგეტიკულად ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც, რაც შეიძლება მალე უნდა აშენდეს.
„ჰუდონი“ რაც შეიძლება მალე უნდა ავაშენოთ, იმიტომ, რომ ის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია და როგორც ენერგეტიკულად, ისე ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ქვეყანაში უნდა განხორციელდეს მილიარდ 200 მილიონის უცხოური ინვესტიცია, რაც ქვეყნის ეკონომიკურ პარამეტრებზე ძალიან დადებითად აისახება და თუნდაც მისი ერთი პროცენტი, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტში რჩება, როგორც ქონების გადასახადი, 14 მილიონ დოლარს შეადგენს. მესტიის მუნიცუიპალიტეტი ამით უამრავი სასიკეთო პროექტის განხორციელებას შეძლებს. თვითონ მშენებლობის პროცესში 4 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან. ამ 4 ათას სამუშაო ადგილს შესაბამისი მომსახურება სჭირდება. ეს 4 ათასი სხვადასხვა სექტორში კიდევ დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. ეს ენერგეტიკულად ძალიან საჭირო პროექტია და ის პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია. ახალი ინვესტიციები ხელს შეუწყობს იმას, რომ ქვეყანა სხვა ინვესტორებისთვისაც უფრო მიმზიდველი გახდეს,“- განაცხადა გიორგი შუკაკიძემ.
ცირა შერგელაშვილი