საქართველოს რკინიგზაში ინფრასტრუქტურული გაჯანსაღება გრძელდება
საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ დღეს ქვიშხეთი-ხაშურის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 3-კილომეტრიან მონაკვეთზე ლიანდაგის კაპიტალური სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც რკინიგზის ცენტრალური მაგისტრალის აღნიშნულ ტერიტორიაზე მატარებლების მოძრაობის სიჩქარე 100კმ/სთ-მდე გაიზრდება. ობიექტზე 200-მდე თანამშრომელი და მძიმე ტექნიკა მუშაობს. აღნიშნული ინფრასტრუქტურული გაჯანსაღება სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მგზავრობის დროს შეამცირებს. ზაფხულის სეზონისთვის როგორც დაანონსებული იყო თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო შემცირდება. საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის ლაშა აბაშიძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული გაჯანსაღება საქართველოს რკინიგზაში მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს, რაც ერთის მხრივ ხელს შეუწყობს მატარებლების სიჩქარეების მატებას, მეორეს მხრივ კი მგზავრებისთვის მეტი კომფორტის შექმნას”, – აცხადებენ რკინიგზაში.