2026 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური ორგანიზაციის (BSEC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

„ჩვენ გვჯერა, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, სტაბილურობა და განვითარება ევროპის კეთილდღეობის საფუძველია,“ – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანთან, ლაზარ კომანესკუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა, მომდევნო ექვსი თვის მანძილზე მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მის ეფექტიან ფუნქციონირებას და განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით, ღონისძიებებისა და ინიციატივების განხორციელებას.

მინისტრის განცხადებით, პრიორიტეტები შეეხება რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებას და შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობას, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რეგიონის ტურისტული პოტენციალის და კულტურული კავშირების გაძლიერებას.

მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე და ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და მნიშვნელოვან როლს.

„რთულ და მუდმივად ცვალებად გლობალურ გარემოში, საქართველო ინარჩუნებს კონსტრუქციული და საიმედო პარტნიორის სტატუსს და გადამწყვეტ როლს ასრულებს გლობალური მიწოდების ჯაჭვების ფორმირებაში, ენერგეტიკულ დივერსიფიკაციასა და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაში,“ – აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ხაზი გაესვა დაკავშირებადობის გაძლიერების მნიშვნელობას და საქართველოს ხედვას, რომელიც „შუა დერეფანს“ არა მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტად, არამედ უსაფრთხო, სწრაფ და ეფექტიან ეკონომიკურ ხიდად მოიაზრებს. ამასთან, აღინიშნა საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და ღია ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ქვეყანას ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ უალტერნატივო კვანძად აქცევს.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ ინიციატივებზე, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელზე, შავი ზღვის თხევადი ბუნებრივი აირის წარმოებასა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე – რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპის საერთო კეთილდღეობას.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და BSEC-ს შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც BSEC-ის დამფუძნებელი წევრი ქვეყანა, დაარსების დღიდან აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ დიალოგსა და ეკონომიკურ მდგრადობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები