საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზების რეაბილიტაციის 4 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში საავტომობილო გზების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ცალკეული მონაკვეთების რეაბილიტაციისთვის 4 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტენდერები გამოცხადდა შემდეგ მონაკვეთებზე:
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ37–კმ56 მონაკვეთზე (მდინარე არყალას ხიდის დასაწყისიდან ხანდოს ხევის ხიდის დასაწყისამდე). ლოტი 1 მოიცავს კმ37–კმ46 მონაკვეთს, სადაც რეაბილიტაცია 10 კმ-იან გზის მონაკვეთს ჩაუტარდება. აღნიშნული გზა ემსახურება მცხეთის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც სატრანზიტო, ასევე ტურისტული მიმართულებით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 29 666 924 ლარია.
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აბასთუმანი–ყანობილის საავტომობილო გზის კმ1–კმ5 მონაკვეთზე დაგეგმილია 5 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია. პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 7 149 572 ლარს.
საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზის კმ71–კმ76 მონაკვეთზე განხორციელდება 4.1 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია. აღნიშნული გზა აკავშირებს სამცხე–ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებს, აქვს ტრანზიტული ფუნქცია თურქეთის რესპუბლიკასთან და ერთ-ერთ მნიშვნელოვან მარშრუტს წარმოადგენს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 7 509 573 ლარია”, – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.