მინეაპოლისში, მინესოტას შტატში, არალეგალი იმიგრანტების წინააღმდეგ ჩატარებული რეიდის დროს მომხდარ სროლაში მონაწილე სასაზღვრო პატრულის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება დროებით აეკრძალათ.
ამის შესახებ NBC News-ი აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის თანაშემწეზე, ტრიშა მაკლაფლინზე დაყრდნობით იტყობინება.
მისი თქმით, ორი სამართალდამცველი ადმინისტრაციულ შვებულებაშია. ოფიცრების ვინაობა არ ხმაურდება.
თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, სტივენ მილერმა, აღიარა, რომ ინციდენტის დროს სასაზღვრო პატრულის აგენტებმა, შესაძლოა, პროტოკოლი დაარღვიეს.
შეგახსენებთ, მინეაპოლისში, საპროტესტო აქციების ახალი ტალღა 24 იანვარს მას შემდეგ დაიწყო, რაც სასაზღვრო პატრულის აგენტმა ქალაქში მამაკაცი მოკლა. უსაფრთხოების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მამაკაცმა წინააღმდეგობა გაუწია ფედერალურ აგენტებს, როდესაც ისინი მისი იარაღის ჩამორთმევას ცდილობდნენ.