საპატრიარქო “TV პირველის” სიუჟეტით გავრცელებულ ინფორმაციას “უზუსტობას” უწოდებს
“ამა წლის 24 იანვარს ტელეკომპანია ,,TV პირველმა” გაავრცელა ინფორმაცია თბილისის ერთ-ერთ ტაძარში მრევლის ნაწილის მხრიდან სასულიერო პირის მიმართ წაყენებული მძიმე ბრალდებების შესახებ”, – ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.
როგორც გამოქვეყნებულ ტექსტშია აღწერილი, სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ მრევლმა საპატრიარქოს საჩივრით უკვე მიმართა, რაც არის უზუსტობა.
“სინამდვილეში, ამ ეტაპზე ზნეობრივი კომისიის ერთ-ერთ წევრს ეცნობა სავარაუდო დანაშაულის შესახებ. კომისიაზე საკითხის წარსადგენად საჭიროა ოფიციალური მომართვა და სხვა შესაბამისი პროცედურები, რის შესახებაც მრევლს მიეცა განმარტება.
ამ ეტაპზე, ზნეობრივი კომისია ოფიციალურად, წერილობით ელოდება აღნიშნულ მომართვას, რის შემდეგაც საკითხს მიეცემა მსვლელობა”, – ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.