აფხაზეთიდან დევნილებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების მორიგი აქცია გაიმართა
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2026 წლის განახლებული პროგრამები ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც ჩაფიძის გულის ცენტრში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის პირველი უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია ჩატარდა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
სამედიცინო აქციის ფარგლებში ქრონიკული სისხლის მიმოქცევის დაავადების მქონე აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებს სრული კარდიოლოგიური მომსახურება გაეწიათ.
კლინიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად იმყოფებოდა.
მთავრობის თავმჯდომარე სამედიცინო აქციის მიმდინარეობას გაეცნო და დევნილ ბენეფიციარებსა და კლინიკის სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა.
„მოხარულები ვართ, რომ აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამები უკვე ამოქმედდა, რომლის ფარგლებში, დღეს, ჩვენს დევნილ ბენეფიციარებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ. აფხაზეთის მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენ დევნილ ბენეფიციარებზე ზრუნვა და მათთვის ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდება“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით დევნილი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები პერიოდულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.