გიორგი კახიანი: ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ ოდნავადაც არ არის შესუსტებული
“დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირსა და ზოგადად, ევროპაში საღი აზრი გაიმარჯვებს. ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ ოდნავადაც არ არის შესუსტებული”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირში ინტეგრაციისთვის შესაბამისი საქმიანობა ხორციელდება.
„ჩვენი საგარეო-პოლიტიკური კურსი ევროკავშირში ინტეგრაციაა. შეიძლება ითქვას, ამ მიმართულებით ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ შესაბამის საქმიანობას ვახორციელებთ. ეს არის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, იმავდროულად ვხედავთ იმასაც, რომ ევროკავშირში არის ისეთი თემები, რომელიც ისე არ ხდება, როგორადაც ჩვენ ევროპა და ევროპული ღირებულებები წარმოგვიდგენია. ვხედავთ ბიუროკრატიულ მმართველობას, რომელსაც ევროპა ძალიან მძიმე შედეგისკენ მიჰყავს. ამაზე საუბრობს აშშ-ის პრეზიდენტიც.
ევროკავშირი არ არის ის, როგორსაც მას წარმოაჩენენ დღევანდელი ბიუროკრატები. იქაც არის შეხედულებები და მოსაზრებები და სრულიად განსხვავებულად უყურებენ ევროკავშირის განვითარებას“, – აღნიშნა კახიანმა.