ირაკლი ქადაგიშვილი: ფაქტია, რომ ევროპას სჭირდება ძალების მობილიზაცია, რათა შეცვალოს განვითარების არასწორი ვექტორი, რომელიც აისახება ეკონომიკაზე, ენერგეტიკაზე, სოციალურ პოლიტიკაზე
“ევროპაშიც არის შიდა დისკუსია გამართული იმაზე, რომ ასე გაგრძელება ევროპას აღარ შეუძლია”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ „ამჟამად ევროპა სწორი გზით არ ვითარდება“.
ქადაგიშვილი იმედს იტოვებს, რომ ევროპა განვითარების ვექტორის გასწორების ძალას მოძებნის.
„ფაქტია, რომ ევროპას სჭირდება ძალების მობილიზაცია, რათა შეცვალოს განვითარების არასწორი ვექტორი, რომელიც აისახება ეკონომიკაზე, ენერგეტიკაზე, სოციალურ პოლიტიკაზე. არის ულტრალიბერალური მიდგომები, უხეში ჩარევა სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა, აქ კონკრეტულად საქართველო მაქვს მხედველობაში. ეს ყველაფერი დღეს ბუმერანგივით არის შემოტრიალებული ევროპის წინააღმდეგ. ასე რომ, იმედს ვიტოვებ, რომ ევროპა საბოლოო ჯამში თავის თავში მოძებნის იმ ძალას, რომ საკუთარი განვითარების ვექტორი გაასწოროს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.