ლევან მაჭავარიანი: ბატონი ალიევი ხაზს უსვამს, თუ რამხელა ინვესტიციებია საქართველოში გაკეთებული და ის დერეფანი, რომელიც საქართველოს გავლით გადის, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ უალტერნატივოა
“ბატონი ალიევი ხაზს უსვამს, თუ რამხელა ინვესტიციებია საქართველოში გაკეთებული და ის დერეფანი, რომელიც საქართველოს გავლით გადის, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ უალტერნატივოა”,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ დავოსში გაკეთებულ განცხადებას.
მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი ოპონენტების მიერ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზების გამოყენების პირველ შემთხვევას არ წარმოადგენს.
„ოპოზიციური მედიასაშუალებებისა და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კონტექსტიდან ამოგლეჯა პირველი შემთხვევა არ არის. ამას ჩვენ მიჩვეული ვართ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ეს ვიდეო სრულად ნახოს. ბატონი ალიევი იქ საუბრობს იმაზე, რომ ვინაიდან აღდგა ურთიერთობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ის მარშრუტი, რომელმაც უნდა გაიაროს უფრო მოკლე გზით – სომხეთის გავლით, რა თქმა უნდა, ეს მარშრუტი ამუშავდება, მაგრამ ბატონი ალიევი ხაზს უსვამს, თუ რამხელა ინვესტიციებია საქართველოში გაკეთებული და ის დერეფანი, რომელიც საქართველოს გავლით გადის, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ უალტერნატივოა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაზე განაცხადა, რომ სომხური მხარისგან მიიღეს მოთხოვნა, სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტის დაშვებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება, თუმცა, არც ისე შორს არის დრო, როცა ტრანზიტი პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით მოხდება.