გორდულაძე – ფილარმონიასთან მომხდარზე: ჩვენ ვხედავთ სხვა ქვეყნებში, თუ რა ძალა არის ხოლმე გამოყენებული – უბრალოდ მკვეთრი მოძრაობის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია, რომ თავდაცვისთვის ცეცხლსასროლი იარაღი იყოს გამოყენებული
“როდესაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე ხდება თავდასხმა და არსებობს მყისიერი საფრთხე, კანონით გათვალისწინებულია, რომ სამართალდამცავს აქვს უფლება, გამოიყენოს შესაბამისი ადეკვატური ძალა. ჩვენ ვხედავთ სხვა ქვეყნებში, თუ რა ძალა არის ხოლმე გამოყენებული”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ ფილარმონიასთან გუშინ მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან განმარტა, უბრალოდ არასწორი მიმართვის ან მკვეთრი მოძრაობის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია, რომ თავდაცვისთვის ცეცხლსასროლი იარაღი იყოს გამოყენებული.
“ჩვენ ვხედავთ სხვა მიდგომას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ჩვენს ქვეყანაში – უფლებები აქვს ყველას და ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, ხდება მაქსიმალურად ნაკლებად მზღუდავი ზომების გამოყენება და, ამავდროულად, საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდება, რათა სხვა ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი, რისთვისაც კიდევ უნდა გადავუხადოთ მადლობა ჩვენს სამართალდამცავ უწყებებს”, – აღნიშნა გორდულაძემ.